ბლოგები

რა შეცვალა ჩემს საქმიანობაში საუკეთესო მასწავლებლის ჯილდომ?      

ავტორი: ზურაბ ჯუშოშვილი                      

ბავშვობაში მიყვარდა სპორტის სახეობა კალათბურთი და ამიტომაც გადავწყვიტე, რომ სპორტის განხრით გამეგრძელებინა სწავლა.  საბოლოოდ, იმდენად შემიყვარდა ეს საგანი, რომ პროფესიად ფიზიკური აღზრდის მასწავლებლობა ავირჩიე.

სამოქალაქო ომის დროს, ძალიან ცუდი პირობები შეგვექმნა  სკოლაში. განსაკუთრებით ამ საგანში. დარბაზში სიცივე იყო , ბავშვებს უჭირდათ ფორმებით სიარული სკოლაში, ამ საგანს მეორე ხარისხოვნად თვლიდნენ და თვეები სკოლაში  გაკვეთილები ცდებოდა, მაგრამ იმდენად იყო გამჯდარი ჩემში საგნის სიყვარული, რომ ვერ მივატოვე და ეს რთული პერიოდი როგორღაც გადავიტანე. 

მივხდი რომ პროფესიონალიზმის სიყვარული არის თითოეული ადამიანის  ცხოვრება, რომელმაც საკუთარი  ბრძოლით და მონდომებით დიდ წარმატებებს უნდა მიგაღწევინოს. სკოლის ცხოვრება ეს ჩემი საკუთარი ცხოვრებაც არის. ასე მგონია სკოლის, მოსწავლეების და სპორტული დარბაზის გარეშე ვერც  გავძლებ .

 ჩემი  საერთო პედაგოგიური სტაჟი 38 წელს თვლის. ამჟამად,  ქარელის N1,  N2  და ქვემო ხვედურეთის საჯარო სკოლებში ვმუშაობ.

ბევრი წარმატება გვქონია მე და ჩემ  მოსწავლეებს სპორტის სხვადასხვა სახეობებში. ძალიან ხშირად ბავშვები რაიონის და რეგიონის ჩემპიონებიც ხდებიან.

სპორტის გაკვეთილებიდან ჩემმა მოსწავლეებმა კარგად იციან, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი არის მათი ჯანმრთელობის საწინდარი. იციან ჯანსაღი ცხოვრების წესის ძირითადი პრინციპები:

  • პირადი ჰიგიენა;
  • ჯანსაღი კვება;
  • ფიზიკური აქტივობა;
  • მავნე ჩვევების პრევენცია;
  • დღის რეჟიმი;
  • უსაფრთხო გარემო.

ბავშვების და ჩემი საქმის სიყვარულმა პროფესიული წარმატებებიც მიმაღწევინა. 

  • საინტერესო და მრავალფეროვანი გაკვეთილის წარდგენისთვის, 2020 წელს მომანიჭეს წლის საუკეთესო მასწავლებლის ჯილდო.
  • 2022 წელს გავიმარჯვე შიდა ქართლის, კონფერენციაზე, სადაც წარვადგინე „ახალი სკოლის მოდელიწ“ შემაჯამებელი გაკვეთილი.
  • შემდეგ გავედი რესპუბლიკურ კონფერენციაზე და იქაც მოვიპოვე პირველი ადგილი. როგორც შიდა ქართლის, ასევე რესპულიკური კონფერენციაზე გამარჯვებულს, გადმომეცა თასები და სიგელები.

ასეთმა წარმატებებმა გამიორმაგა მოტივაცია და უფრო მრავალფეროვანი გახადა ჩემი სასწავლო პროცესი. აქტიურად ვარ ჩართული თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიებში. ყოველთვის ვცდილობ ახლის გაგებას და ისეთი ცოდნის შეძენას, რომელიც კიდევ ურო განავითარებს ჩემს პროფესიონალიზმს და პედაგოგიურ მოღვაწეობას.

ბევრი ჩემი მოსწავლე, რომელმაც გააგრძელა სწავლა უნივერსიტეტში, აქტიურად არის ჩართული სპორტულ წრეებში. არიან ისეთი ბავშვებიც, რომლებიც ფიქრობენ რომ გააგრძელონ სწავლა სპორტული განხრით, რათა მომავალში მივიდნენ სკოლებში და გაზარდონ ჯანრთელი და ძლიერი მომავალი თაობა. მათ იციან, რომ ერი და ქვეყანა ძლიერია მაშინ, როდესაც ქვეყანას ყავს ჯანმრთელი, მოაზროვნე, პატიოსანი და დემოკრატიული პრინციპების დამცველი მოქალაქე. ​

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გვანცა დოლუაშვილი

გვანცა არის "მოზაიკას" დირექტორი და მთავარი რედაქტორი.