სტატიები

რა (ვერ) მივიღეთ მუნიციპალური ტრანსპორტის ამუშავებიდან 2 წლის შემდეგ

გორის მუნიციპალური ტრანსპორტის სააგენტო 2020 წლის ივლისში შეიქმნა. დაარსების დღიდან, მას გორის ყოფილი მერი ზურაბ ჯირკველიშვილი ხელმძღვანელობს.

რა სარგებელი (ვერ) მიიღო ხალხმა?

მუნიციპალური ტრანსპორტის ამუშავებიდან 2 წლის შემდეგ, თითქმის ყოველდღიურად მოქალაქეები გამოთქვამენ უკმაყოფილებას

  • ავტობუსების განრიგისა და მარშრუტების შესახებ;
  • ასევე გაჩერებებთან ჩასარიცხი აპარატების გაუმართაობასა და ნაკლებობაზე.

მოქალაქეებს სურთ, რომ ბარათის გარდა მგზავრობის საფასურის გადახდა ნაღდი ფულითაც შეეძლოთ. მოქალაქეების პრეტენზიები ეხება ასევე ავტობუსების მოძრაობის გრაფიკსაც. მათი ნაწილი ამბობს, რომ გაჩერებაზე სასურველი ავტობუსის ლოდინი დიდხანს უწევთ.

“კონდიციონერს არცერთი მძღოლი არ რთავს. რომ ეტყვი, მძღოლისგან ასეთი პასუხია: დღეს გაფუჭდაო. არც ერთ გაჩერებებზე არ მუშაობს განრიგის მაჩვენებელი, სხვას წერს, სხვა აციმციმდება და საერთოდ სულ სხვა ავტობუსი მოდის. ჩასარიცხ აპარატებზე ხომ ზედმეტია საუბარი. ჯირკველიშვილი აბრალებს თიბისი ბანკის შვილობილ კომპანიას, აპარატები არ მუშაობსო, ისინი აბრალებენ ამათ”.

“ამხელა რესურსი იხარჯება. სააგენტო შექმნეს, პლუს საწვავი. დადიან ამხელა ავტობუსები 4 -5 მგზავრით. ხომ შეიძლებოდა მიკროავტობუსები შემოეყვანათ ანუ “მარშუტკები”, არც ამხელა სააგენტოს გაკეთება იყო საჭირო, არც 10 მილიონი ევროს გადახდა ავტობუსებში. ბევრად ნაკლებად შეიძლებოდა მარშუტკების შეძენა”, – ამბობენ მოქალაქეები.

აღსანიშნავია, რომ ტრანსპორტის სააგენტომ მიმდინარე წელს ავტობუსების შეკეთებისთვის ტენდერი რამდენჯერმე გამოაცხადა. ერთ-ერთი შესყიდვა გამარტივებული გზით განახორციელა და კომპანიას 30 ავტობუსის შეკეთებისთვის 150 000 ლარი გადაუხადა. სააგენტომ გასულ თვეს კიდევ ერთი ტენდერი გამოაცხადა 2 ავტობუსის შესაკეთებლად და გამარჯვებულ კომპანიას 42 844 ლარს გადაუხდის.

შეგახსენებთ, რომ:

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 30 ავტობუსის შესაძენად 10 წლიანი სესხი მუნიციპალური განვითარების ფონდისგან 3 292 633 ევროს ოდენობით აიღო.

სააგენტოს ბიუჯეტი 2021 წელს 2 მლნ 320 ათასი ლარი იყო. მიმდინარე წლის ბიუჯეტი ტრანსპორტის სააგენტოსთვის 3 მლნ 600 ათასი ლარით განისაზღვრა.

2020 წელს განისაზღვრა სააგენტოს საშტატო ნუსხაც – სააგენტოს 14 შტატიანი და 154 შტატგარეშე თანამშრომელი ჰყავს.

ავტობუსებმა ქალაქში მოძრაობა 2021 წლის თებერვალში დაიწყეს, ივნისამდე მგზავრობა უფასო იყო და ავტობუსებით სარგებლობის ხარჯს სრულად გორის ბიუჯეტი ფარავდა. მგზავრობის საფასურის განსაზღვრის შემდეგ, მგზავრობა ფასიანია და 50 თეთრი ღირს.

მუნიციპალური ტრანსპორტის ამუშავების შემდეგ, ტრანსპორტის სააგენტომ რამდენჯერმე შეცვალა ავტობუსების განრიგი და მარშრუტები. გასული წლის განმავლობაში გაჩერებებთან დაიდგა სამგზავრო ბარათების შესავსებად ჩასარიცხი აპარატები და განთავსდა ელექტრონული ტაბლოები, რომელთა გამართულად მუშაობა თიბისი ბანკმა უნდა უზრუნველყოს. ამავე ბანკის ბალანსზეა სამგზავრო ბარათებიც.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.