ახალი ამბები

“ყველა დამნაშავის გამართლებას ცდილობს” – გარდაცვლილი ერეკლე თედლიაშვილის მამა

ერეკლე თედლიაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიება გრძელდება. დაზარალებულ მხარეს სასამართლო პროცესებზე გარდაცვლილი ბიჭის მამა, ირაკლი თედლიაშვილი წარმოადგენს. 

მან “მოზაიკას” უთხრა, რომ სამართლიანი და ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვს.

“რჩება შთაბეჭდილება, რომ დამნაშავის დასჯას კი არა, დამნაშავის გამართლებას ცდილობენ. ყველაფერი ისე მიჰყავთ, რომ ბოლოს ჩემი შვილი გამოიყვანონ დამნაშავე. ამჟამად ადვოკატის გარეშე ვართ დარჩენილები და არ ვიცი, რა იქნება.”

საწყის ეტაპზე, დაზარალებულების ინტერესების დამცველი ადვოკატი თამარ თედლიაშვილი იყო, რომელიც საქმეს ჩამოშორდა და ​თედლიაშვილების ოჯახი ადვოკატის გარეშე აგრძელებს სასამართლო დავას.

“ადვოკატი ჩვენ დავითხოვეთ, რადგან არაფერს აკეთებდა. კანდელაკს სამი ადვოკატი ჰყავს, თედლიაშვილი კი იმათი მეოთხე ადვოკატი უფრო იყო, ვიდრე ჩვენი. სასამართლო მიკერძოებულია და არაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დამნაშავე დაისაჯოს.”

ამ დრომდე, ერეკლე თედლიაშვილის გარდაცვალების საქმეზე არავინ დაუკავებიათ. ციხე დატოვა თარაშ კანდელაკმაც, რომელიც “მოზაიკას” ინფორმაციით, ახლა ქვეყანაშიც არ იმყოფება. იგი სასამართლომ ბრალის ვერდამტკიცების გამო, 9 თვიანი პატიმრობის შემდეგ, გაათავისუფლა. 

“ჩვენი და სასამართლოს ვერსიები საერთოდ აცდენილია ერთმანეთს და მხოლოდ იმას ცდილობენ, რამენაირად დამნაშავე გაამართლონ და თუ მართლა ასე მოხდა, ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ გადაწყვეტილებას შემდგომ ინსტანციებში. მე მხოლოდ ის მინდა, რომ ჩემი შვილის მკვლელი სათანადოდ დაისაჯოს და ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის.“

შეგახსენებთ, რომ ერეკლე თედლიაშვილი 2020 წელს, რესტორან “ჟოზეფში” მომხდარი დაპირიდპირების შედეგად გარდაიცვალა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.