ადამიანები ისტორიები

“Spam Jam” მუსიკალური ბენდი, რომელიც ხაშურში 10 წლის წინ ჩამოყალიბდა

ხაშურში მუსიკალური ბენდი “Spam Jam” 10 წლის წინ ჩამოყალიბდა. ნიკოლოზ ბოლოკაძემ, რომელიც ჯგუფის სულის ჩამდგმელია, თანამოაზრეები შემოიკრიბა და საკუთარი მუსიკის კეთება დაიყო. 

“ბენდის წევრებთან ინდივიდუალური მუშაობა მიწევდა. რაიმე კომპოზიციას რომ ავიღებდით, გიტარის პარტიას ამოვიღებდი, გავარჩევდი აკორდულად და შემდეგ გადავცემდი. იგივეს ვაკეთებდი ბასგიტარასთან, სმენით იქნებოდა  თუ ნოტებით, ყველა პარტიას მე ვასწავლიდი”, – გვიყვება ნიკა.

ბენდში რამდენიმე წევრია – დრამერი, გიტარა, ბასგიტრა და ვოკალი. გიორგი სუხიაშვილი ბასგიტარაზე უკრავს და ასევე ჯგუფის ვოკალისტია.

“საწყის ეტაპზე დიდი დრო გვჭირდებოდა ერთად ყოფნისთვის და რეპეტიციებისთვის. საკუთარ თავზე მუშაობით და ბენდის წევრების ძალისხმევით, მივიღეთ ის, რომ ჩვენ ვართ ჩამოყალიბებული, შემდგარი მუსიკალური ჯგუფი, რომელსაც ნებისმიერ ღონიძიებაზე, თუ ფესტივალზე ღირსეულად გასვლა შეუძლია,” – ამბობს გიორგი სუხიაშვლი

ბენდს აქვს საკუთარი 15 – მდე კომპოზიცია, ჯგუფის წევრების თქმით, იმისათვის, რომ ბენდს ეარსება საკუთარი მუსიკა საკმარისი არ იყო, ამიტომ ქავერ ვერსიების გაკეთება დაიწყეს.

“მსმენელს ეს უფრო მოსწონს, აღიქვამს და ჩვენც ფეხს ვუწყობთ მოთხოვნას, ვუკრავთ კორპორატიულ საღამოებზეც. არის ხოლმე კურიოზული სიტუაციებიც, მოდიან და გვეუბნებიან შალახო დავუკრათ. ან თუ იმ მუსიკას ვუკრავთ, რაც მათ მოითხოვეს, მაგრამ ჩვენ ჩვენი ვერსიით ვაკეთებთ, შუა სიმღერის დროს გავუჩერებივართ, ჩვენ ძველებური ვერსია გვინდა, ეს რას მღერითო. ჩვენ გვეღიმება ამ დამოკიდებულებაზე”, – ამბობს ნუგო ნოზაძე.

ბენდის წევრებს საერთო საქმე, თოჯინების თეატრი აერთიანებთ. ისინი თეატრში მსახიობებად მუშაობენ, ამიტომ ახალ იდეებსაც მუდმივად უზიარებენ ერთმანეთს.

“სამსახურიც ერთი გვაქვს, მთელ დღეებს ვატარებთ ერთად, სულ მუსიკაზე ვსაუბრობთ, სულ ახალი იდეების ძებნაში ვართ, რა გავაკეთოთ, როგორ, აზრებს ვუცვლით ერთმანეთს და შემდეგ სისრულეში მოგვყავს. რეპეტიციები ყველას ინდივიდუალურდ გვაქვს, შემდეგ შევდივართ სარეპეტიციოში და ვაერთებთ”, – გვეუბნება ნიკა

ბენდს ორი კლიპი და ერთი ალბომი აქვს ჩაწერილი, ამბობენ, რომ მეტი თავისუფალი სივრცეა საჭირო, რათა თავის წარმოჩენა შეძლონ. მათი სურვილი მნიველოვან ფესტივალებზე მონაწილეობაა, რომ რეგიონში მომუშავე მუსიკოსებს საკუთარი შესაძლებობების გამოვლენის საშუალება მიეცეთ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.