სტატიები

რატომ არ არის ხოვლეში წყალი- ადგლობრივების მოთხოვნა და ხელისუფლების პასუხი

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში მოსხლეობა სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ წყლის გარეშე მას შემდეგ დარჩნენ, რაც ბუნებრივი აირის მილებისთვის გზები გადაითხარა.

“წყლის პრობლემა სკოლის მიმდებარედ წლებია მოუწესრიგებელია, ხალხი კილომეტრს იქით, უბნის წყაროდან ეზიდება წყალს. მოხუცი ადამიანი ზამთარში ან ზაფხულში შეძლებს ვედრებით წყლის ზიდვას? უნდა მიექცსეს ყურადღება“, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი, თამარ დალაქიშვილი.

მოსახლეობის თქმით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ სოფლის საჭიროებების განსაზღვრისას არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და სკვერის მოწყობისთვის დახარჯული 176 667 ლარი წყლის პრობლემის მოგვარებისკენ უნდა მიემართა.

” სასმელი წყალი და გრაკლის გზა იყო პრიორიტეტული. მთელი ხოვლე სკვერია თავისი სილამაზით და ჰაერით. ბოლო-ბოლო ქალაქი ხომ არაა? ბუნებაში დასვენების დეფიციტი რომ გვქონდეს. ყველა საკუთარი სკვერი აქვს ეზოში. სასმელ წყალზე მაგას ვერ ვიტყვით, განსაკუთრებით, სოფლის დასაწყისში”, – ამბობს ადგილობრივი, მედეა ზაქარაშვილი.

მოსახლოების საპასუხოდ „მოზაიკა“ მერის წარმომადგენელს ხოვლეში, თამაზ ხუციშვილს დაუკავშირდა, მისი განმარტებით, სოფლის ზოგიერთ უბანში სასმელი წყლის მოძველებული სისტემაა და მისი განახლება ეტაპობრივად მოხდება, ზოგიერთ უბანში კი წყლის სისტემა ათწლეულების განმავლობაში არ იყო და დაგეგმილია გაკეთება.

“გვაქვს სოფელში ასეთი პრობლემები, ამ ეტაპზეც დაგეგმილია და ეტაპობრივად მიმდინარეობს მოძველებული მილების ამოცვლა. შეიძლება რომელიღაც უბანს ჰქონდეს პრობლემა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სოფელში საერთოდ არ არის წყალი. ზოგადად სოფელში მოძველებული ქსელია და სრულად უნდა შეიცვალოს“, – განაცხადა თამაზ ხუციშვილმა.

ინფორმაციისთვის, ხოვლეს მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ორი წლის წინაც ითხოვდა. მათი თქმით, წლებია სასმელი წყლის ზიდვა შორი მანძილიდან უწევთ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.