სტატიები

“პროკურატურა მკვლელების მფარველია” – მერებაშვილის ოჯახის 4 წლიანი პროტესტი

“ამ საქმის გამოძიება სჭირდება პოლიტიკური ნება”, – განაცხადა გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის მამამ საპროტესტო აქციაზე, რომელიც გორში, საკრებულოს შენობის წინ გაიმართა.

18 წლის თორნიკე მერებაშვილის ოჯახი 4 წელია ობიექტურ გამოძიებას ითხოვს. ოჯახი გამოძიების დაწყების დღიდან ამბობს, რომ ავარიით გარდაცვალების ვერსიას არ იზიარებენ და ამბობენ, რომ მათი შვილი მოკლეს.

“ეს საქმე არის გაყალბებული, ჩვენ მტკიცებულებებით ვლაპარაკობთ, ბევრი რამ ვიცით და დარწმუნებულები ვართ, რომ სინამდვილეა, მაგრამ სანამ ეს მთავრობაა, ამ საქმეს ობიექტურად არავინ გამოიძიებს”, – ამბობს მერაბ მერებაშვილი.

ოჯახის თქმით, გაყალბდა ექსპერტიზის დასკვნაც და ამის გამო რამდენჯერმე მოითხოვეს ექსპერტის პასუხისგებაში მიცემა.

” ეგზგუმაციაც გავაკეთეთ, მეორედ ამომაღებინეს შვილი საფლავიდან, იმის დასადასტურებლად, რომ დამემტკიცებინა, რომ ბავშვს არ ჰქონდა ის მოტეხილობები, რასაც ადასტურებდა მალხაზ მაჭავარიანი, რომელმაც ექსპერტიზის ყალბი დასკვნა დადო. დავამტკიცე, რომ ცრუ იყო ეს დასკვნა, მაგრამ რეაგირება არ მოჰყოლია. ეს ექსპერტი დღეს ისევ მუშაობს. რეალურად დამტკიცდა, რომ ბავშვი ავარიით კი არა, ცემით იყო მოკლული და თავში ჰქონდა ჩარტყმული”, – განაცხადა თორნიკე მერებაშვილის დედამ.

ოჯახმა აქციაზე ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნაც გააჟღერა. ისინი ამბობენ, რომ მთავრობას არ სურს ნამდვილი დამნაშავეების დასჯა და მკვლელებს ხელს აფარებს.

” ჩვენ არ ვაპირებთ ბრძოლის შეწყვეტას უსამართლობის წინააღმდეგ და მთავრობა თუ ისევ გააგრძელებს მკვლელებისთვის ხელის დაფარებას, მაშინ უნდა წავიდეს. რად გვინდა ისეთი მთავრობა, თუ ხალხისთვის არ იქნება”, – განაცხადა მერებაშვილის დედამ.

ოჯახის ადვოკატის, რეზო რევაზაშვილის თქმით, ეგზგუმაციის შედეგად ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გამოძიების მიმდინარეობისას, ექსპერტმა გააყალბა მონაცემები და დასკვნაში არ ასახა რეალური მდგომარეობა.

“დაზარალებული ოჯახი ითხოვს ექსპერტის პასუხისგებაში მიცემას, საქმეზე დაწყებულია გამოძიებაც. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა ოჯახმა არაერთხელ მიმართეს საგამოძიებო სტრუქტურებს, დასაბუთებული პასუხი ამ დრომდე არ გვაქვს, თუ რატომ არ ხდება აღნიშნული ექსპერტის პასუხისგებაში მიცემა. ასევე მიმდინარეობს გამოძიება მოწმეების მიერ გამოძიებისთვის სავარაუდოდ ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე, თუმცა აქაც ჭიანურდება გამოძიება”, – ამბობს ოჯახის ადვოკატი.

მისივე თქმით, განაცხადი აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებით გაგზავნილია სტრასბურგშიც.

ინფორმაციისთვის, 18 წლის თორნიკე მერებაშვილი 2018 წლის 6 ივლისს საავტომობილო გზაზე მრავლობითი დაზიანებებით იპოვეს, ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. გამოძიებამ აღნიშნულ საქმეზე ერთი პირი დააკავა. გამოძიების ვერსიით, დაკავებული მამაკაცი თორნიკე მერებაშვილს დაეჯახა, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია. ოჯახი ამტკიცებს, რომ დაკავებული მამაკაცი მათი შვილის სიკვდილში უდანაშაულოა და საგამოძიებო სტრუქტურები მკვლელებს ხელს აფარებს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.