ადამიანები ისტორიები

58 წლის ველოსიპედისტი გამყოფი ხაზიდან

ავტორი: მარიამ შავარდენიძე

“რაც თავი მახსოვს, სულ ველოსიპედს ვატარებ, პირველად მამამ მიყიდა,”არნეოლოკი”, – გვიყვება 58 წლის ბადრი თევდორაშვილი, რომელმაც გადაადგილების საშუალებად წლების წინ ველოსიპედი აირჩია და დღემდე ამ არჩევანის ერთგულია.

ბადრი გამყოფი ხაზთან მდებარე, სოფელ კარბში ცხოვრობს. გვეუბნება, რომ ველოსიპედი მისი ბავშვობის მეგობარია. 

“მე და ველოსიპედი განუყოფელი გავხდით. დღის განმავლობაში რამოდენიმე კილომეტრს გავდივარ, ამის გარეშე უკვე აღარსად მივდივარ. ერთხელ ხაშურშიც კი ჩავედი ნაზუქის საყიდლად. ბავშვობიდან მიყვარდა ველოსიპედით სიარული, კარბიდან ცხინვალშიც კი მივდიოდი ხოლმე”, – იხსენებს ბადრი.

ბადრიმ ახალგაზდობაში ავტომობილიც შეიძინა. ამბობს, რომ ვერ შეეგუა, რადგან გამონაბოლქვი გარემოს აბინძურებდა და ველოსიპედთან შედარებით ძვირი შესანახი იყო.

“ჩემი ასაკის თანასოფლელები არასერიოზულად აფასებენ ჩემს გადაწყვეტილებას, რადგან ჩვენს ქვეყანაში ნაკლებად გვხვდება ველოსიპედით მოსარგებლე ადამიანები. რამოდენიმეჯერ პოლიციამაც კი გამაჩერა, უცხოელი ვეგონე და უცხო ენაზე გამესაუბრა”, -ამბობს ის.

თევდორაშვილი კარბში საკუთარი ხელით აშენებულ სახლში ცხოვრობს. სახლის წინ პატარა ეზო და ბაღი აქვს. ეზოში სხვადასხვა ზომის ვოლიერებია მოწყობილი, შინაური ცხოველებისთვის. დილას მათი დაპურებით იწყებს, შემდეგ ბაღში გადის და სამეურნეო საქმიანობას ეწევა.

“მყავს ძაღლები, კურდღლები, ქათმები და იაპონური მამლებიც კი. მამლებს სახელები დავარქვი, კასანდრა, მონიკა და ბესო. ბაღებსაც ვუვლი, სოფელში ვცხოვრობ და სოფლის მეურნეობას ხომ უნდა მივხედო?!”, – გვიყვება ბადრი.

ბადრი ახალგაზრდებს მოუწოდებს, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენონ ველოსიპედი, რადგან ასე ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნება გაუმარტივდებათ. 


მასალა მომზადებულია პროექტის “სამოქალაქო ჟურნალისტიკა ქალების გაძლიერებისთვის” ფარგლებში. “მოზაიკა” პროექტს ორგანიზაციის “სამოქალაქო უფლებების დამცველები” ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.