ახალი ამბები

„უმძიმესი ინფრასტრუქტურული პრობლემები” – თეა წულუკიანი გორის თეატრს ესტუმრა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი სამუშაო ვიზიტით გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს ეწვია. წულუკიანმა თეატრის უმძიმეს ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე ისაუბრა.

“იმ უმძიმესი ინფრასტრუქტურული პრობლემებიდან გამომდინარე, რაც გორის თეატრის წინაშე დგას, კულტურის სამინისტრო მოიძიებს შესაბამის თანხებს და ყველა ძალისხმევას გასწევს იმისთვის, რომ მიმდინარე წელს დააფინანსოს გორის თეატრის რეკონსტრუქციის პროექტის შექმნა, ხოლო უკვე მომდევნო წლებში მიმდინარე წელს შექმნილი პროექტის შესაბამისად განხორციელდეს ამ უდიდესი ტრადიციების მქონე თეატრის შენობის რეაბილიტაცია, რათა იგი გადარჩეს” , – განაცხადა თეა წულუკიანმა.

სამინისტრომ გაავრცელა ფოტომასალა, სადაც ჩანს რა მდგომარეობაშია ინფრასტრუქტურა გორის თეატრში.

მინისტრმა გორში ვიზიტისას ასევე ისაუბრა შემოქმედებით პროცესზეც და აღნიშნა, რომ ამ პროცესში გორის თეატრის ახალ სამხატვრო ხელმძღვანელს სამინისტროსგან აქვს სრული ნდობა.

„რასაკვირველია, ჩვენ გამოვიყენებთ აქ არსებულ შემოქმედებით-საკადრო რესურსს, მიუხედავად ასაკისა და ეს თეატრი ღია დარჩება ახალგაზრდებისთვის, მაგრამ მთავარი კრიტერიუმი იქნება არა ასაკი, არამედ ნიჭი და ის სერიოზულობა, რომლითაც თითოეული შემოქმედი ადამიანი უდგება ქართული თეატრის განვითარებას და იმ დიდი ტრადიციების შენარჩუნებას, რომელიც გორის თეატრში არსებობს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ინფორმაციისთვის, გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად წულუკიანმა დავით ჩხარტიშვილის ნაცვლად, ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე დანიშნა. იგი ასევე ითავსებს თეატრის დირექტორის მოვალეობასაც. შეგახსენებთ, რომ დირექტორის პოზიცია უკვე მე-7 თვეა ვაკანტურია, მას შემდეგ, რაც გია წვერავას სამინისტრომ ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეუჩერა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.