ახალი ამბები

რა პროექტებზე აღარ მოუწევთ ამხანაგობებს ხარჯთაღრიცხვის მომზადება – მერიის განმარტება

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ამხანაგობებისა და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებების თანადაფინანსების პროგრამაში ცვლილებები განახორციელა. კერძოდ, 6 მიმართულებაზე გაერთიანებებს ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის მომზადება აღარ მოუწევთ.

“გაერთიანებებს თანადაფინანსების მისაღებად 6 პრიორიტეტულ მიმართულებაზე სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოდგენა აღარ მოუწევთ. აღნიშნულ დოკუმენტაციის მომზადებას გორის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს” , – განმარტავს მერია.

უწყების ცნობით, ქვემოთ ჩამოთვლილი 6 პროექტის განხორციელების სურვილის შემთხვევაში, ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის წარმოდგენა აღარ იქნება საჭირო.

ესენია:

  • შენობის ან/და მისი შემადგენელი ელემენტების კაპიტალური გამაგრებითი სამუშაოები;
  • სახურავის რეაბილიტაცია;
  • სასმელი წყლის და საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია;
  • სადარბაზოების რეაბილიტაცია;
  • ეზოების კეთილმოწყობა;
  • საბავშვო მოედნების მოწყობა.

მერიის ინფორმაციით, ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის მომზადება სავალდებულოა თუ ამხანაგობების გაერთიანებას სურს შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს მოსაწყობად ლიფტისა და ფასადის რეაბილიტაციისთვის თანადაფინანსების მიღება. ინფორმაციისთვის, პროგრამის ფარგლებში ინიცირებული პროექტების ღირებულების 90 %-ს გორის მერია აფინანსებს.

დატოვეთ კომენტარი