ახალი ამბები

„ მიწას არ დავთმობთ“ – ზეღდულეთში მოსახლეობის პროტესტი გრძელდება

ზეღდულეთში სადაო მიწის ნაკვეთზე ადგილობრივები ინვესტორს კვლავ დაუპირისპირდნენ. მათ ადგილზე მისულ ტექნიკას, რომელსაც აღნიშნული მიწის დამუშავება უნდა დაეწყო, ამის საშუალება არ მისცეს და ტერიტორია დაატოვებინეს. 

ერთ-ერთი ადგილობრივი, იმედო ცერცვაძე “მოზაიკასთან” ამბობს, რომ ისინი სადაო მიწის ნაკვეთს, რომელსაც სოფელი საძოვრად იყენებდა ინვესტორს არ დაუთმობენ. 

“ინვესტორი მოვიდა სასოფლო ტექნიკასთან ერთად და დაიწყო სადაო მიწის ნაკვეთის დამუშავება. გაიგო სოფლის მოსახლოებამ და გამოვედით. ვუთხარით ტრაქტორის მეპატრონეს, რომელსაც დავალებული ჰქონდა ნაკვეთის მოხვნა, რომ გაეყვანა ტექნიკა, სანამ დაპირსპირებაში გადაიზრდებოდა. ამჟამად, ტექნიკამ გადაინაცვლა მოშორებით, ავტობანის მიმართულებით. ვფიქრობთ, რომ შესაძლოა ღამით განაახლონ სამუშაოები. მოსახლოება ვრჩებით ადგილზე და როგორ განვითარდება მოვლენები ჯერჯერობით არ ვიცით”, – ამბობს ცერცვაძე. 

აღნიშნულ მიწი ნაკვეთზე დაპირისპირება მოსახლოებასა და ინვესტორს შორის რამდენიმე თვის წინაც მოხდა. მაშინ მიწის ამჟამინდელმა მფლობელმა გამოთქვა მზაობა, რომ მიწის გარკვეული ნაწილი, დაახლოებით 40 ჰა, ადგილობრივებს გადასცემდა უსასყიდლოდ, თუმცა ზეღდლეთში მცხოვრები მოსახლეობა ამ პირობას არ დათანხმდა. ისინი ამბობედნენ, რომ აღნიშნული ნაკვეთი ისედაც სოფლის საკუთრებაა და მათ სრულად სარგებლობა უნდა შეეძლოთ. 

ინფორმაციისთვის, სადაო მიწის ნაკვეთს, ზეღდულეთის მოსახლეობა წლების განმავლობაში საძოვრად იყენებდა. მიუხედავად იმისა, რომ ნაკვეთი 2008 წელს გასხვისდა, ისინი ამ მიწით მაინც სარგებლობდნენ, იქამდე სანამ ერთ-ერთმა მფლობელმა მისი დამუშავება არ გადაწყვიტა. პროტესტი გასული წლის ბოლოს დაიწყო და დღემდე გრძელდება.

დატოვეთ კომენტარი