ადამიანები

პედაგოგი მოქალაქეების სამსახურში – ნანა ყველაშვილი

ნანა ყველაშვილი გორის მუნიციპალური ტრანსპორტის სააგენტოში მუშაობს. მისი მოვალეობა ავტობუსში მგზავრებისთვის ყურადღების მიქცევაა, გადაიხადონ მგზავრობის საფასური, ატარონ პირბადე და რაიმე პრობლემის შემთხვევაში მათ მისი კონპეტენციის ფარგლებში დაეხმაროს.

ნანა ამბობს, რომ როგორც ქალი კონტროლიორი, მგზავრების მხრიდან გრძნობს თავშეკავებას და პატივისცემას.

“როგორც ქალი, მგზავრების მხრიდან წინააღმდეგობას არ ვაწყდები. პირიქით, ყოველთვის ცდილობენ, რომ უფრო მეტად თავშეკავებულნი იყვნენ. ვისურვებდი, რომ მგზავრები გაგებით მოეკიდნონ ჩვენს შენიშვნებს. ჩვენ ხომ ჩვენს საქმეს ვასრულებთ, რომელიც არც ისეთი ადვილია როგორც ჩანს.” – ამბობს ნანა.

მისი თქმით, მგზავრებთან ურთიერთობა განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენს, გულისხმიერებისა და პატივისცემის გამოჩენით კი საკუთარ საქმეს პირნათლად ასრულებს.

“ყოველდღიურად, მუშაობის პროცესში, მეტ-ნაკლებად ვაწყდებით სირთულეებს. მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს უჭირს სამგზავრო ბარათების შევსება. ჩვენ მათ რათქმაუნდა ვეხმარებით. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ მგზავრების ნაწილი არ იცავს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებულ წესებს”, – გვითხრა ნანამ.

ავტობუსით მგზავრობის დროს, ხშირია მოქალაქეების მხრიდან უკმაყოფილება და ზოგჯერ აგრესიაც კონტროლიორების მიმართ, თუმცა როგორც ნანა ამბობს, ეს მისთვის ყოველდღიური საქმიანობის განუყოფელი ნაწილია.

“მგზავრების მხრიდან ხშირად ვგრძნობ პატივისცემასა და სითბოს, მაგრამ ხანდახან მათი გარკვეული ნაწილი არ ითვალისწინებს ჩვენს შენიშვნებს და გამოხატავს აგრესიას. ჩვენ მიერ მიცემული შენიშვნა უკავშირდება ბარათების დაფიქსირებასა და პირბადის გამოყენებას”.

ადამიანებთან ურთიერთობა ყველა პროფესიაში განსაკუთრებულ მოთმინებას მოითხოვს, იყო ერთდროულად სამართლიანიც და გულისხმიერიც არც თუ ისე მარტივი მისაღწევია. ნანა ფიქრობს, რომ ამაში მისი ძირითადი პროფესია, პედაგოგობა ეხმარება.

“ჩემთვის ეს სამსახური ნიშნავს, ხალხთან ურთიერთობას.სიკეთის კეთებას. ბევრ დადებით და უარყოფით ემოციას. პროფესიით ვარ პედაგოგი. ჩემი პროფესია ადამიანებთან ურთიერთობას მიადვილებს”, – ამბობს ნანა.

გორის ტრანსპორტის სააგენტოში 16 კონტროლიორი მუშაობს, აქედან 8 ქალია.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.