ადამიანები ისტორიები

„ჩემი ცხოვრება სულ ტანჯვაში ვარ” – ბოლო ინტერვიუ ონისესთან

​ონისე მოდებაძეს გორელები კარგად იცნობდნენ. იგი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. “ქალებო ნატვრისთვალებო” , – გორის ავტოსადგურში ამ ხმის გაგონების შემდეგ, ყველა ხვდებოდა, რომ ონისემ სამუშაო დღე დაიწყო.

26 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, იგი ყოველდღე გამოდიოდა და ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა წვრილმანებს ყიდდა. ასე ირჩენდა თავს.

რადიო “მოზაიკა” ონისეს გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ესაუბრა. მაშინ ონისე გვეუბნებოდა, რომ მისი სამუშაო დღე დილის 8 საათზე იწყებოდა.

„დილის 8 საათზე გამოვდივარ და დაახლოებით 3 საათამდე ვჩერდები. ერთი შვებულება არ მქონია, სულ ვმუშაობ მთელი სიცოცხლე. ადრე უკეთესი იყო, ახლა ბევრი გამოჩნდა ჩემნაირად და ისეთი მოგება აღარ არის. ხან 5 ლარია მოგება, ხან – ნაკლები, ხან – ცოტა მეტი, ბაზარს გააჩნია“

ონისე მოდებაძე 1935 წელს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ყინწვისში დაიბადა. ბავშვობიდან რადიო “მოზაიკასთან” ბევრი ვერაფერი გაიხსენა. მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც როგორც თავად თქვა, ვერასდროს ვერ დაივიწყებდა, იყო მაშინ, როდესაც რეჟისორი რეზო ჩხეიძე ყინწვისში ესტუმრა.

„მამაჩემს უნდა ჰქონოდა ეპიზოდური როლი ფილმში „მაია წყნეთელი“, თუმცა იმ მომენტში, როცა რეზო ჩხეიძე ჩამოვიდა, მამა ტყეში იყო ჩასული. მასთან მსგავსების გამო, რეჟისორმა მე შემარჩია. ასე აღმოვჩნდი „მაია წყნეთელის“ გადასაღებ მოედანზე. მაშინ 23 წლის ვიყავი. ცხონებული რეზო ჩხეიძე, ძაან კარგი კაცი იყო. ატენში და უფლისციხეში იყო გადაღებები.“

ონისემ ბედი ცირკშიც სცადა. თბილისში გადავიდა და იქ 6 თვის განმავლობაში მუშაობდა, თუმცა, უფროსთან უთანხმოების გამო, ცირკიდან წამოვიდა.

„ვერ გამომივიდა ცირკში მუშაობა, არც მომწონდა და მერე უფროსთანაც უთანხმოება მომივიდა, ამიტომ სოფელში დავბრუნდი. ცოტა ხანში კი, გორში გადასვლა გადავწყვიტე“.

გორში 1960 წლიდან ცხოვრობდა. ამ პერიოდიდან მოყოლებული საბჭოთა კავშირის დაშლამდე, საკონსერვო ქარხანაში მუშაობდა დარაჯად. აქ მუშაობისას, მან კიდევ ერთი როლი მიიღო ფილმში „ჯადოსნური ღამე“, რომელიც 1983 წელს რეჟისორმა თემურ ფალავანდიშვილმა გადაიღო.

„ქარხანაში შემამჩნია შემთხვევით რეჟისორმა. ფილმი-ზღაპარი იყო სამ ძმაზე, მე განძის მცველის როლი შემხვდა, ისიც ეპიზოდურად“

საკონსერვო ქარხნიდან წამოსვლის შემდეგ, ონისე ერთი დღეც არ გაჩერებულა სამუშაოს გარეშე. ამ პერიოდიდან გარდაცვალებამდე, ის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გამსვლელ სამარშრუტო ავტობუსების მგზავრებს პოზიტიური განწყობით აცილებდა, თან პირველადი მოხმარების ნივთებს ყიდიდა. ონისემ თავისი გარითმული ლექსი „ქალებო,ნატვრისთვალებო“ ერთგვარ სავიზიტო ბარათად აქცია.

„ჩემი ცხოვრება სულ ტანჯვაში ვარ“ – ამბობდა და მაინც იმ დადებით განწყობას ინარჩუნებდა, რომელსაც ყოველდღიურად ავტოსადგურის მძღოლებს და მგზავრებსაც უზიარებდა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.