ადამიანები ისტორიები

მეტი, ვიდრე სიმღერა – მანანა გვერდწითელი მუსიკის თერაპიულ ეფექტზე

მანანა გვერდწითელი 17 წელზე მეტია გორში თაობებს ზრდის და მათ მუსიკალურ განათლებას აძლევს. ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისი ოჯახის წევრების უმრავლესობამ სამედიცინო სფერო აირჩია, მან ბავშვობიდანვე იცოდა რა უნდოდა.

“ბავშვობიდანვე მინდოდა და ვიცოდი, რომ სიმღერის პედაგოგი გავხდებოდი, უზომოდ მიყვარს ჩემი საქმე და ეს საქმე რომ ღირსეულად მეკეთებინა უამრავი დრო, ენერგია და სწავლა დამჭირდა” ,- ამბობს ის.

თავისი ბავშვობის სურვილის შესასრულებლად, ჯერ გორის N2 მუსიკალური სკოლა დაასრულა, შემდეგ კი, გორის მუსიკალური სასწავლებელი. მოგვიანებით, თბილისში, სულხან-საბა ორბელიანის პედაგოგიურ ინსტიტუტში განაგრძო სწავლა და წარმატებითაც დაასრულა, წითელ დიპლომზე. 2001-2006 წლებში მღეროდა გორის გოგონათა ანსამბლში, სადაც მისი ხელმძღვანელი შალვა მოსიძე იყო.

მისი მოსწავლეები არაერთი ფესტივალის მონაწილეები და გამარჯვებულები არიან

ვოკალურ-საესტრადო სტუდია “მზე” 2004 წელს დააფუძნა. აქედან იწყება მისი პედაგოგიური საქმიანობა. სტუდიის დაფუძნებას მალე მოჰყვა ანსამბლ “იმედის” შექმნაც.

“ეს საქმე თუ არ გიყვარს, უბრალოდ ვერ შეძლებ მუშაობას. სტუდია “მზეში” მყავს პატარები 3-4 წლის ასაკიდან. ჩემთან რომ მოჰყავთ, ზოგჯერ, მშობლისთვისაც წარმოუდგენელია ხოლმე, რომ ცოტა ხანში მათი შვილები იმღერებენ, თანაც დიდ სცენაზე, მაგრამ მთავარია დავინახო პოტენციალი. რაც შეეხება, “იმედს” აქ მოზარდები და უფროსი ასაკის ბავშვები სწავლობენ” , – ამბობს მანანა გვერდწითელი.

იგი 2009-2010 წლებში გორის კულტურის ცენტრის დირექტორის მოადგილე და გორის რაიონის სასოფლო კლუბების ხელმძღვანელი იყო. ამბობს, რომ მისთვის აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობა დიდი გამოცდილება იყო.

ვოკალი, შესრულების მანერა, სწორი, დახვეწილი ბგერებით სიმღერა – ეს არის არასრული ჩამონათვალი იმისა, თუ რა მიმართულებით მუშაობს მანანა მოსწავლეებთან.

“გარდა იმისა, რომ მოსწავლეებს ვოკალური მონაცემების გაუმჯობესებაში ვეხმარები, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ის გამოცდილება, რასაც ისინი “მზესა” და “იმედში” იღებენ, მათ ეხმარებათ გაიუმჯობესონ მეტყველების კულტურა, იყვნენ მეტად სოციალურები, დაძლიონ დიდ აუდიტორიასთან გამოსვლის შიში” , – ამბობს ის.

მანანა გვერდწითელი მუსიკის თერაპიულ ეფექტზეც ამახვილებს ყურადღებას. ამბობს, რომ მასთან მშობლებს მიუყვანიათ ბავშვები, რომლებიც ჩაკეტილები იყვნენ ან პირიქით, ჰიპერაქტიურები. იგი ფიქრობს, რომ მუსიკა ბავშვის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია.

“ბევრ თაობას გაუვლია ჩემს ხელში. ჩემთან მოსულან სხვადასხვა ფსიქოტიპის მოსწავლეები. ზოგიერთი მათგანი ჩაკეტილი იყო თავის თავში, ზოგი კი, პირიქით. სიმღერამ მათზე თერაპიული ეფექტი მოახდინა და დაეხმარა კომუნიკაციისა და თვითგამოხატვის განვითარებაში, ასევე სოციალური უნარებისა და ურთიერთობების ჩამოყალიბებაში” , – განმარტავს ის.

მანანა გვერდწითელისთვის პანდემია განსაკუთრებული გამოწვევა აღმოჩნდა. მან რთულ პერიოდშიც მოახერხა გარკვეული აქტივობების განხორციელება. ფიქრობს, რომ სირთულეები გამოწვევად უნდა აქციოს და ასე მისცეს მის მოსწავლეებს კარგი მაგალითი, რომ არასოდეს არ უნდა გაჩერდე და იარო მხოლოდ წინ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.