სტატიები

გორის მერიის ა(ა)იპ-ების რეორგანიზაცია, როგორც საარჩევნო პროგრამის ნაწილი – შეხვედრა პარტიასთან “საქართველოსთვის”

რადიო “მოზაიკა” გორის მუნიციპალური ა(ა)იპ-ების რეორგანიზაციისთვის საჭირო სტრატეგიული ხედვის დოკუმენტზე მუშაობის პარალელურად, განაგრძობს პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრებს.


მორიგი შეხვედრა პარტიის “საქართველოსთვის” წარმომადგენელთან გაიმართა. ა(ა)იპ-ებთან დაკავშირებით, პარტიის ხედვებზე მამუკა ფანიაშვილმა ისაუბრა. თავის მხრივ, “მოზაიკას” გუნდმა ფანიაშვილს გააცნო სტრატეგიული ხედვის დოკუმენტის სამუშაო ვერსია.


რადიოს დირექტორის გვანცა დოლუაშვილის განმარტებით, სტრატეგიული ხედვის დოკუმენტში გაწერილი იქნება ყველა ის ეტაპი, რაც ა(ა)იპ-ების რეორგანიზაციის ეფექტიანად განხორციელებისთვისაა საჭირო.

გვანცა დოლუაშვილი, რადიო “მოზაიკას” დირექტორი

რადგან წინასაარჩევნო პერიოდია, ეფექტიანად მიგვაჩნია იმ პარტიებთან თანამშრომლობა, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნებში იღებენ მონაწილეობას და აქვთ ამბიცია იმისა, რომ არჩევნების შემდგომ გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე იყვნენ. ამჟამად, გორში მომუშავე 10 არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად ვმუშაობთ სტრატეგიული ხედვის დოკუმენტზე, რომლის მიზანიც არის შევიმუშაოთ გეგმა ა(ა)იპ-ების რეორგანიზებისთვის. ეს იქნება დაახლოებით, 4-წლიანი სამოქმედო გეგმა, სადაც გაწერილი იქნება თითოეული აქტივობა, რომლის შედეგად, ჩვენ უნდა მივიღოთ ჯანსაღი მუნიციპალური ორგანოები

მისივე თქმით, აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს 3 ძირითად მიმართულებას:

  • საკადრო პოლიტიკა;
  • ა(ა)იპ-ების დაფინანსების წესი;
  • შიდა მონიტორინგის გაუმჯობესება და ინსტიტუციური კულტურის განვითარება.

პარტიის “საქართველოსთვის” წარმომადგენელი მამუკა ფანიაშვილი ფიქრობს, რომ ა(ა)იპ-ებში არსებული საკადრო პოლიტიკის ხარვეზები, დაფინანსების წესი და ასევე ინსტიტუციური კულტურის განვითარება მნიშვნელოვანია და აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ კი მისი პარტიის კანდიდატები არჩევნების შემდეგ, გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებს დაიკავებენ, აუცილებლად შეცვლიან არსებულ რეალობას.

მამუკა ფანიაშვილი, პარტია “საქართველოსთვის”

“დღესდღეობით, ა(ა)იპ-ები, რომ წარმოადგენს დასაქმების ობიექტებს და იქ დასაქმებულთა კვალიფიკაცია რომ არ შეესაბამება, ამ სამსახურების ფუნქციებს და მიზნებს ეს არის ცალსახა. პრობლემა არის ისიც, რომ ა(ა)იპ-ების ბიუჯეტის ძალიან დიდი ნაწილი იხარჯება ხელფასებში, ეს უკვე თავის მხრივ აჩენს იმის ეჭვს, რომ ეს სამსახურები შექმნილია მოქალაქეთა დასაქმებისთვის და არა კონკრეტული ფუნქციების შესასრულებლად. ვფიქრობთ, რომ ღონისძიებებსა და სხვადასხვა ქმედით საკითხებზე უფრო მეტი უნდა იხარჯებოდეს”.

შეგახსენებთ, რომ გორის სათემო რადიო “მოზაიკა” აღნიშნულ აქტივობებს ევროპის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “ადვოკატირების კამპანია გორის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ-ების რეორგანიზაცისაათვის” ფარგლებში ახორციელებს. პროექტის პირველ ეტაპზე რადიო “მოზაიკამ” 6 ჟურნალისტური გამოძიება მოამზადა. მეორე ეტაპი კი, ითვალისწინებს ა(ა)იპ-ებში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის საჭირო აქტივობების განსაზღვრას და შესაბამისი სტრატეგიული ხედვის დოკუმენტის შექმნას.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.