ადამიანები ისტორიები

ჩემი სიბერე მანდ წარმომიდგენია, მთებში – კულინარიაზე შეყვარებული ნინოს ისტორია გერმანიიდან

“გერმანიაში 2017 წლის აგვისტოში წამოვედი, უკვე 4 წელი გახდება რაც აქეთ “დავიდე” ბინა“.

ოთხი წელია, ნინო ბესიაშვილი გერმანიაში ცხოვრობს. საქართველოდან წასვლისას ერთი მთავარი სურვილი ჰქონდა – ენახა სამყარო, საკუთარი ქვეყნის მიღმა. როცა გერმანიაში ჩავიდა, სათანადოდ ენაც კი არ იცოდა, თუმცა ახლა ფიქრობს, რომ ყველა გამოწვევის მიუხედავად, მიზნების მიღწევაში სწორედ ეს ქვეყანა დაეხმარა.

“ნიდერსაქესნის “გულში“, ჰანოვერში დავსახლდი და ამ დღემდე, ისევ აქ ვარ. წამოსვლისას, ამხელა მიზნები არ მქონდა, როგორც ახლა. მაშინ უბრალოდ ვეძებდი სიახლეს და ახალ გამოწვევებს, მინდოდა მენახა სამყარო საქართველოს გარეთ”.

ნინო გერმანიაში au-pair პროგრამის საშუალებით გაემგზავრა. მისი თქმით, მასპინძელმა ოჯახმა შვილივით მიიღო და უცხო ქვეყანაში თავი დაამკვიდრებინა. გაცვლითმა პროგრამამ კი საშუალება მისცა ემუშავა ბავშვებთან, უკეთ გაეცნო გერმანული ცხოვრების სტილი და რაც მთავარია, ევლო ენის კურსებზე.

“თავიდან მიწევდა ბავშვების, 12 წლის ლუკას და 8 წლის ფრანკას დასაძინებალად მომზადება. სკოლიდან მოსულებისთვის თვალის დევნება და მათი ცეკვის და ჯირითის წრეებზე ტარება. კვირაში 2 საღამო და შაბათ-კვირა თავისუფალი მქონდა. ამასთან ერთად, თვითონ მიფინანსებდნენ გერმანული ენის კურსებს. შემდეგი წელი სხვა სფეროში გადავედი და ამ პროგრამას ჰქვია BFD /FSJ, ანუ მოხალისეობრივი სოციალური სამსახური შეზღუდული შესაძლებლობის პირებთან”.

ნინომ მალევე შეძლო მისთვის სასურველ სამსახურში დასაქმება. ის ერთ-ერთი რესტორნის სამზარეულოში მოხვდა და მიხვდა, რომ მისი ინტერესის სფერო კულინარია იყო.

“მოვხვდი დიდ სამზარეულოში, სადაც ვმუშაობდი შშმ პირებთან ერთად და ეს იყო სიყვარულით, სითბოთი, სიკეთით სავსე წელი. ამხელა ქვეყანაში თავი ვიგრძენი ოჯახში, საიდანაც არ მინდოდა წამოსვლა და ყველაფერს ვაკეთებდი, რომ მეპოვა გზები, რათა აქ დავრჩენილიყავი . სწორედ მანდ მოვიდა კულინარიის ინტერესი და მივიღე შეფისგან წინადადება, რომ შემეძლო მათთან დარჩენა”.

საკუთარი ინტერესის აღმოჩენის შემდეგ, ნინომ უმაღლეს პროფესიულ სასწავლებელში კულინარიის სწავლა დაიწყო. სწავლის პარალელურად, ერთ-ერთ რესტორანში სტაჟირებასაც გადის. სწავლის წარმატებით დასრულების და დიპლომის აღების შემთხვევაში, ნინო ფიქრობს, რომ რესტორანი სამუდამო კონტრაქტს გაუფორმებს.

“სტაჟირებას გავდივარ 4 ვარსკვლავიან სასტუმრო-რესტორანში, სადაც უბრალოდ საჭმელი არ კეთდება. ეს არის ხელოვნების ნიმუშები თეფშზე. აქაც ვიტყვი რომ ძალიან გამიმართლა – ყველა თანამშრომელი ცდილობს, რომ ბევრი ვნახო, ვისწავლო და მივიღო ის პრაქტიკა, რისთვისაც მოვედი. ჩემი შეფი, რომელსაც უამრავი საქმე აქვს, საათობით მიჯდება და ყველა იმ საკითხს მიხნის, რომელიც ჩემთვის გაურკვეველია. ეს არის ჩემი რეზიუმესთვის და მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი”.

ნინო და მისი თანამშრომლები

ნინო უახლოეს მომავალში საქართველოში ჩამოსვლას აპირებს, თუმცა დროებით. ამბობს, რომ ახლა მისი მთავარი მიზანი კულინარიის სფეროში დარჩენა და პროფესიული ზრდაა.

“ამდენი გამოცდილების და სწავლის შემდეგ, რა თქმა უნდა, ისევ სურვილი მაქვს კულინარიის სფეროში დავრჩე და გავიღრმავო გამოცდილება. საქართველოც ძალიან მენატრება. დღეებს ვითვლი უკვე, როდის ჩამოვალ, თუმცა გრძელვადიანი გეგმები საქართველოსთან დაკავშირებით არ მაქვს. ისე კი, ჩემი სიბერე მანდ წარმომიდგენია, სადმე, მთებში”.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები