ადამიანები ისტორიები

ოპერატორები – ადამიანები მუდამ კამერის მიღმა

ოპერატორები ის ადამიანები არიან, რომლებიც მუდამ კამერის მიღმა რჩებიან – ყოველდღიურად, ვუყურებთ საინფორმაციო გამოშვებებს, თვალს ვადევნებთ ახალ ამბებს, ვუსმენთ ჟურნალისტებს, რომლებიც გვიყვებიან მიმდინარე მოვლენების შესახებ, თუმცა ვერ ვხედავთ მათ, ვინც ეძებენ და იღებენ კადრებს ჩვენთვის ამბების მოსაყოლად.

არადა, სწორედ ამ პროფესიის ხალხის დამსახურებაა, რომ ისტორიამ შემოინახა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის კადრები, რომლებიც არასდროს დაგვავიწყდება; ისინი არიან ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ ერთი კადრის გამო, თავიანთი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენონ.

რადიო „მოზაიკა“ გორში მომუშავე ოპერატორებს ესაუბრა.

მიხეილ ჯანეზაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის გუნდის წევრი 2005 წლიდან გახდა, თუმცა მისი პროფესიული საქმიანობა ბევრად ადრე დაიწყო. ის 1994 წლიდან მუშაობდა გორში არსებულ ერთ-ერთ ტელევიზიაში. ამბობს, რომ ოპერატორობაზე არ უფიქრია, თუმცა ფოტო-ვიდეო აპარატურით სკოლის ასაკიდან იყო დაინტერესებული.


„მე-9 ან მე-10 კლასში ვიყავი, ავიღებდი ხოლმე სკამს შესვენებაზე და ვითომ ვიდეოკამერა იყო და ვიღებდი რაღაცებს. ეს 1988-1989 წლებში ხდებოდა. სიმართლე გითხრათ, არც მიფიქრია რომ მაინც და მაინც ოპერატორობას დავიწყებდი. შემთხვევით მოხდა ჩემი ოპერატორობა. გორში იყო ტელევიზია „ქართლი“ უკარგესი გუნდით და იქ შედგა ჩემი ოპერატორობა“, – გვიყვება მიხეილი.


რთულ პერიოდზე საუბრისას მას 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ახსენდება. მიუხედავად იმისა, რომ ომიდან 13 წელი გავიდა, 7 აგვისტოს ღამე არ ავიწყდება.


„ღამის 2 საათზე პატარა ლიახვის ხიდთან ანუ ტირძნისის შესასვლელთან ჩართვაზე ვიდექით მე და ჩემი ჟურნალისტი ნინო ფისაძე. უკვე ეთერში იყო და ნათლად ჩანდა, ჭურვები როგორ ცვიოდა ქართულ სოფლებში. მაშინ ჩვენმა არტილერისტებმა გახსნეს ცეცხლი და მეორე დღეს გავიგეთ, რომ რუსი გენერალი გადაურჩა ქართულ ჭურვებს და ძლივს გაასწრო ცოცხალმა. კიდევ ის მახსოვს მეღვრეკისთან ვიდექით ქართული მასმედიის წარმომადგენლები, როცა რუსული თვითმფრინავები შემოფრინდნენ და დაიწყეს ქართული პოზიციების დაბომბვა. ფილმში მეგონა თავი და მივხვდი, რომ მაგ დროს შიშის გრძნობა არ არსებობდა იქ მყოფებს შორის. ერთი ზიზღი გვეუფლებოდა მხოლოდ“, – ამბობს ის.


ომი მის თვალწინ ხდებოდა. იღებდა, თუ როგორ გამოჰყავდათ ცხინვალიდან ქართველი დაჭრილი ჯარისკაცები და ეს კადრები დღემდე ყველაზე რთულად გასახსენებელია მისთვის.


2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს აშუქებდა რუსთავი 2-ის ოპერატორი დათო ჯაყელიც. ჯანეზაშვილის მსგავსად, პროფესიული საქმიანობა მანაც ტელევიზია „ქართლში“ დაიწყო. რუსთავი 2-ის გუნდს 1999 წელს შეუერთდა.


“ვიდეოკამერით მუშაობა 1993-94 წლიდან დავიწყე და დღემდე ასე მოვდივარ. ომი ყველაზე საშინლად მახსენდება. დღე და ღამე გაერთიანებული გვქონდა აქ მომუშავე მედიის წარმომადგენლებს. რომ არა ერთმანეთთან მხარში დგომა, ძალიან გაგვიჭირდებოდა მუშაობა. სხვადასხვა ლოკაციებიდან ვცდილობდით შეპარვას ცხინვალში, რათა მოგვემზადებინა რეპორტაჟები, ხან გვიმართლებდა, ხანაც გვიჭერდნენ და ან მაშინვე, ან რამდენიმე საათის მერე გვიშვებდნენ. 2008 წლის ომის შემდეგ ასეთი რამ უკვე შეუძლებელი გახდა. რომ იტყვიან კედელი ააგო რუსეთმა ოსებსა და ქართველებს შორის“, – ამბობს დათო ჯაყელი.


ლადო მიხანაშვილი ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომელია. აქ მუშაობა 1 წლის წინ დაიწყო, თუმცა, როგორც თავად ამბობს, პროფესიით ათეული წლებია, რაც დაინტერესებულია. მისთვის რთულია, როცა კამერის ობიექტივში ხედავს ადამიანებს, რომელთაც დახმარება სჭირდებათ.


„რთულია ყოველი დღე, როცა ობიექტივში ხედავ ადამიანს ან ადამიანებს, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ, მაგრამ შენ ვერ ეხმარები, ვინაიდან გადაღებას ვერ შეწყვეტ და კადრებით ეხმარები მხოლოდ“, – ამბობს ლადო.


მისი თქმით, პროფესიულ საქმიანობაში სირთულეს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ რესპონდენტები ზოგჯერ აგრესიით ხვდებიან და არ აინტერესებთ არაფერი.


„ჟურნალისტის კითხვა თუ არ მოგწონს, ნუ უპასუხებ და აგრესიის ნაცვლად, იქნებ დაფიქრდე, რატო ჩაიგდე თავი უხერხული კითხვების გარემოში.“


ლადო მიხანაშვილი ამბობს, რომ ბოლო მოვლენები, ტვ პირველის ოპერატორის გარდაცვალების ამბავი ყველასთვის ძალიან მტკივნეულია.


„ყველას ძალიან შეგვეხო ბოლო მოვლენები და უფრო მტკივნეული და საგანგაშო სასულიერო პირებისგან არის ძალადობის წახალისება, ღმერთის და სამშობლოს სახელით. თუ ღმერთი უყვართ შეიყვარონ ადამიანები და თუ სამშობლო უყვართ, საოკუპაციო ხაზთან დადგნენ“.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.