სტატიები

რა მოხდა ეპისკოპოს სვიმეონს და ხაშურელ მაღალჩინოსანს შორის? – ვერსიები და ფაქტები

სურამისა და ხაშურის ეპისკოპოს სვიმეონს და ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარეს შორის ურთიერთობა დაიძაბა. 

რა მოხდა? – ვერსიები

საზოგადოებას ეპოსკოპოსსა და ხაშურელ მაღალჩინოსანს შორის დაპირისპირების შესახებ აქტივისტმა ზაზა მეხრიშვილმა აცნობა. ის წერდა, რომ ეპისკოპოსმა სვიმეონმა ქვიშხეთის ეკლესიაში ლევან გამრეკელი ამბიონიდან გააკრიტიკა. 

“ეს ყველაფერი ხდება ფულის გამო. არ დაიწერა გამრეკელმა დიდი ფული და მიდგა ყველას პატივცემული მეუფე, ვისთანაც ლევანს ურთიერთობა აკავშირებს. ეს არის სიმართლე და ვისაც არ გჯერათ, შეგიძლიათ ქვიშხეთის აღდგომის ეკლესიის მრევლს კითხოთ, სადაც ამბიონიდან გადმოდგა”, – წერდა ზაზა მეხრიშვილი.

მოგვიანებით, “მოზაიკას” წყარომ უთხრა, რომ ეპისკოპოს სვიმეონსა და ლევან გამრეკელს შორის უთანხმობა მიწის ნაკვეთის გამო დაიწყო. 

“ეს მიწის ნაკვეთი ეკუთვნის ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ლევან გამრეკელის მეგობარს, თუმცა ეპისკოპოსს ის გამრეკელის ეგონა და ეუბნებოდა, რომ ამ მიწაზე მას თავისი ინტერესები ჰქონდა. კერძოდ, იქ აეროდრომის მოწყობა უნდოდა”, – უთხრეს “მოზაიკას”. 

ამავე თემაზე: “ეპისკოპოსსა და  ხაშურელ მაღალჩინოსანს შორის დაპირისპირების მიზეზი მიწის ნაკვეთია

სადაო მიწის ნაკვეთი სოფელ მიწობში გოგირდის აბანოებთან მდებარეობს. “მოზაიკას” ინფორმაციით, ის 2006 წელს 20 წლის ვადით გასხვისდა. 

“ეპისკოპოს სვიმეონს ვერაფრით დააჯერეს, რომ მიწა გამრეკელს არ ეკუთვნოდა და იქიდან დაიწო მის მიმართ კრიტიკული გამოსვლები. სოფელში ხალხიც კი შეკრიბა ამ პიროვნებას აუმხედრა, ვითომდა მიწის მოთხრით საძოვრები ზიანდებაო”, – უთხრეს “მოზაიკას”

რა მოხდა? – ოფიციალური კომენტარები

დაპირისპირების მიზეზებზე მხარეები არ საუბრობენ.

ხაშურელ ბიზნესმენს და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან გამრეკელს საკითხზე კომენტარის გაკეთება არ უნდა. 

რაც შეეხება ეპისკოპოს სვიმეონს, მისი კომენტარის ჩაწერას ეპარქციასთან მისული ჟურნალისტები ცდილობდნენ, თუმცა მან მედიასთან გამოჩენა არ ისურვა. 

ამ დრომდე, მხოლოდ სატელეფონო კომენტარი ვრცელდება, რომელიც სასულიერო პირთან “TV მონიტორინგმა” ჩაწერა.

“აბსურდიის თეატრია, ცხოვრებაში არ მითხოვია ფული, ტყუილია. ქადაგების დროს ჩემი პოზიცია დავაფიქსირე, არ ვაპირებ კომენტარის გაკეთებას,ამ საკითხზე. არანაირი დაპირისპირება არ არის, ჩემი მხრიდან. როგორი დამნაშავეც არ უნდა იყოს, ჩვენი ეპარქიის შვილია და ყველანაირად ვეცდებით, სწორ გზაზე დავაყენოთ”, – განაცხადა ეპისკოპოსმა. 

ადგილობრივების გამოხმაურებები

დაპირისპირების გახმაურების შემდეგ, ხაშურელების ნაწილი მხარდაჭერას – გამრეკელს, ნაწილი კი ეპისკოპის სვიმეონს უცხადებს.

მაგალითად, აქტივისტი ზაზა მეხრიშვილი აქტიურად ავრცელებს ლევან გამრეკელის მხარდამჭერ განცხადებებს. მან ეპისკოპოს სვიმეონის ქონების ამსახველი ფოტოებიც გამოაქვეყნა. 

“აი, ეს ყველაფერი ჩვენი მეუფის ბიზნესის მხოლოდ ნაწილია. მაგას რა აქვს სათქმელი ლევან გამრეკელზე, როცა ტექნიკას და მაღაზიებს აქირავებს”,  – დაწერა სოციალურ ქსელში ზაზა მეხრიშვილმა. 

ამავე თემაზე: “მაღაზიებს აქირავებს” – ხაშურელი აქტივისტი ექპისკოპოს სვიმეონის ქონების ფოტოებს ავრცელებს

ქონების და ბიზნესინტერესების ნაცვლად, ეპისკოპოს სვიმეონის გაკეთებულ საქმეზე ამახვილებენ ყურადღებას მისი მხარდამჭერები. 

“უმთავრესი, რაც საერო მიმართულებით შეიძლება ხაშურის საზოგადოებისთვის იყოს, ესაა განათლება და სწორედ ამ ადამიანმა, მრავალწლიანი მცდელობის შემდეგ, შეძლო ხაშურში უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო დაწესებულების იდეის ხორცშესხმა. კოლეჯი ,,ქართლი” მალე გაიხსნება”, – წერს გიორგი ჩუბინიძე. 

სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონმა გასულ წელს 120 000 დოლარის ღირებულების ავტომანქანა შეიძინა. რაც შეეხება გამრეკელს, ის ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და ადგილობრივი მილიონერი ბიზნესმენია, რომლის შემოსავალი 2021-2022 წლებში 3,7 მლნ ლარი იყო.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.