“მთელი ქალაქის მასშტაბით უმრავლესი აპარატი ან არ მუშაობს , ან ვერ ასრულებს ოპერაციას და შთანთქავს ფულს , არ ხდება ასახვა ბარათზე , მონიტორები არ რეაგირებენ დასაფიქსირებლად”, – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
გულიკო მამისთვალოვი მუნიციპალური ტრანსპორტით ყოველდღიურად სარგებლობს, თუმცა ხშირად სამგზავრო ბარათის შესავსებისას პრობლემა ექმნება, რადგან ქალაქის მასშტაბით, გაჩერებებზე არსებული ჩასარიცხი აპარატები გამართულად ვერ მუშაობენ.
” უკვე მასიურადაა გამოსული მწყობრიდან ქალაქის ცენტრში და პერიფერიებზე დადგმული აპარატები , ვინაა პატრონი?! მოგვხედეთ და მოგვაქციეთ ყურადღება”, – ამბობს მამისთვალოვი.
მოქალაქეების საპასუხოდ, გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ ჩასარიცხი აპარატების მოწესრიგება “თიბისი” ბანკის პრეროგატივაა. სააგენტოს ცნობით, ნებისმიერი ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში ოპერატიულად აწვდიან ინფორმაციას აღნიშნულ ბანკს.
“მოსახლეობის საჭიროებიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე, “თიბისი” ბანკთან აქტიურ რეჟიმში ვთანამშრომლობთ და ვაწვდით ინფორმაციას სწრაფი ჩასარიცხი აპარატების დამონტაჟების შესახებ. ამ ეტაპზე, გორში თიბისი ფეის 60-მდე სწრაფი ჩასარიცხი აპარატია დამონტაჟებული”, – განაცხადეს სააგენტოში.
“მოზაიკა” აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “თიბისი”- ის დაუკავშირდა. ბანკში ამბობენ, რომ აღნიშნულ საკითხს მოიკითხავენ და შესაბამის ზომებს მიიღებენ.
“რაიმე ხარვეზის შემთხვევაში ტექნიკური ჯგუფის წარმომადგენელი უმოკლეს დროში მიდის და აკეთებს, თუკი აპარატს სისტემური პრობლემა აქვს, ამ შემთვევაში გარკვეული დრო სჭირდება გამოსწორებას, თუმცა აუცილებლად ხდება რეაგირება”, – გვითხრეს “თიბისი”-ში.
ინფორმაციისთვის, “მოზაიკამ” ჩასარიცხი აპარატების პრობლემაზე მასალა რამდენჯერმე მოამზადა, აპარატების გამართულად მუშაობაზე პასუხისმგებელი პირების თქმით, ხშირია შემთხვევა, როცა აპარატებს მოქალაქეები აზიანებენ.