ახალი ამბები

გორში მოქალაქეებს სამგზავრო ბარათის შევსებისას პრობლემები ექმნებათ – რას ამბობს სააგენტო 

გორში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობისას საფასურის გადახდა პლასტიკური ბარათებით ხდება. სამგზავრო ბალანსის შესავსებად მოქალაქეები “თი ბი სი” ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატებით სარგებლობენ, თუმცა ხშირ შემთხვევაში ბარათზე ბალანსის შევსებას ვერ ახერხებენ, რადგან ჩასარიცხი აპარატები შეფერხებით ან საერთოდ არ მუშაობს. 

მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ ზოგიერთ გაჩერებასთან აპარატი საერთოდ აღარ დგას და ბარათის შესავსებად შემდეგ გაჩერებაზე ან მოშორებით მდგარ აპარატთან მისვლა უწევთ.  ერთ-ერთი ასედი ადგილი, გურამიშვილის ქუჩაზე, იუსტიციის სახლთან არსებული გაჩერებაა. 

” რამდენჯერმე მოხდა, რომ ჩავრიცხე და თანხა ჩამიყლაპა. არის შემთხვევები, რომ საერთოდ გათიშულია”. 

“ბევრჯერ ფეხით წავსულვარ, ჩასარიცხი ახლოს რომ არაა ხოლმე და ბარათზე თანხა აღარ მაქვს, სადაც იდგა იქაც აიღეს და რომ გეჩქარება შორს წასვლას ვეღარ ასწრებ, რომ ჩარიცხო”, – ამბობენ მოქალაქეები. 

გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოში ამბობენ, რომ ჩასარიცხი აპარატების დამონტაჟება “თიბისი” ბანკის პრეროგატივაა. სააგენტოს ცნობით, ნებისმიერი ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში ოპერატიულად აწვდიან ინფორმაციას აღნიშნულ ბანკს. 

“მოსახლეობის საჭიროებიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე, “თი ბი სი” ბანკთან აქტიურ რეჟიმში ვთანამშრომლობთ და ვაწვდით ინფორმაციას სწრაფი ჩასარიცხი აპარატების დამონტაჟების შესახებ. ამ ეტაპზე, გორში თიბისი ფეის 60-მდე სწრაფი ჩასარიცხი აპარატია დამონტაჟებული”, – განაცხადეს სააგენტოში. 

ინფორმაციისთვის, მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობის საფასური 50 თეთრია, კონტროლიორები უბილეთო მგზავრებს 20 ლარით აჯარიმებენ. 

დატოვეთ კომენტარი