სტატიები

“ოცნების” 10 წელი ენმ-ის გადასახედიდან

“ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს”, პარტიის დაფუძნებიდან 10 წელი შესრულდა. რა მოუტანა გორის მუნიციპალიტეტს განვლილმა წლებმა?! – შეფასებებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები აკეთებენ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ მეათე წელია “ქართული ოცნება” ცრუ დაპირებებით კვებავს მოსახლეობას და ისევ 9 წელზე მიუთითებს.

ენმ-ის შიდა ქართლის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ბადრი ბასიშვილი “ქართული ოცნების” განვლილ პერიოდს აფასებს და ამბობს, რომ მმართველი გუნდის პირობებში გაუფასურებულ ვალუტასთან ერთად, მივიღეთ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახები, რომლებიც იძულებულები არიან ემიგრაციაში წავიდნენ და ასე არჩინონ ოჯახები.

“ნეპოტიზმი, კორუფცია, უამრავი გაღარიბებული ჩვენი მოქალაქეები, დაუცველი მოსახლეობა კონფლიქტისპირა სოფლებში. “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში ათასობით გორელმა იძულებით დატოვა ოჯახი და უცხოეთში ეძებს სამსახურს. გაუფასურებული ეროვნული ვალუტა, უმუშევრობა, გაზრდილი ფასები საწვავზე და პროდუქტზე, პრორუსული საგარეო პოლიტიკა – აი, ეს მცირე ჩამონათვალია, რაც 10 წლის თავზე დღეს გვაქვს. სამაგიეროდ, ბიტკოინების დამონტაჟებით გორის მერიის შენობაში და ბიუჯეტის ფულით ტოტალიზატორში ვალების გადახდით გააცნეს თავი გორელმა ოცნების წევრებმა ქვეყანას”. – აცხადებს ბადრი ბასიშვილი.

განვლილ პერიოდზე საუბრობს საკრებულოს დეპუტატი ენმ- დან, ანი ბალიაშვილი და ყურადღებას გორის თვითმმართველი ქალაქის სტატუსი დაკარგვაზე ამახვილებს. მისი თქმით, ამ წლების განმავლობაში მუნიციპალიტეტში უკანონო მმართველობითი სისტემა ჩამოყალიბდა.

“ოკუპაციის პროცესის გაგრძელება, მუდმივად განახლებადი ბორდერიზაცია და ოკუპაციის ხაზთან მიტოვებული მოსახლეობა, რომელიც ხელისუფლებას მხოლოდ წინასაარჩევნოდ ახსენდება. გაზრდილი ხელფასები, პრემიები, საწვავის ხარჯები და ავტომანქანები. ამას ემატება ტენდერები და წყალში გადაყრილი ფული. დასუსტებული თვითმმართველობა /ქალაქის სტატუსის წართმევა. მუნიციპალიტეტს მართავენ არა მოქალაქეები და მათი წარმომადგენლები, როგორც ეს კანონითაა განსაზღვრული,არამედ პარტიული ბოსები და სუს-ის ხელდასმული თანამდებობის პირები. “ქართულმა ოცნებამ” გორში მთლიანად საკუთარ აქტივს მოარგო მუნიციპალიტეტის მთელი სტრუქტურა და ბიუჯეტი”, – ამბობს ბალიაშვილი.

ენმ-ის წევრი ბექა ქორჩილავა შეფასებისას პარტიის სხვა წევრების მსგავსად, სიღარიბეზე და მოსახლეობის ქვეყნიდან გადინებაზე საუბრობს. ის ამბობს, რომ 10 წლის განმავლობაში მხოლოდ მმართველი გუნდის წევრები და მათთან დაახლოებული პირები მდიდრდებიან.

“ქართულმა ოცნებამ ამ 10 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანას მოუტანა სიღარიბე, ყოველდღიურად ემატება სოციალურად დაუცველთა რიგებს ასობით ადამიანი. მოიმატა ემიგრანტების რიცხვმაც, რომელიც ლუკმა პურის საშოვნელად უცხოეთში მიდიან. მათი მმართველობის დროს ქალაქმა დაკარგა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი. ეს არის ზოგადი სურათი და ეს ხდება ჩვენს მუნიციპალიტეტშიც. ივანიშვილი, რომელიც იაფ ტარიფებს პირდებოდა, მივიღეთ საპირისპირო. ამ წლების განმავლობაში მდიდრდებიან მხოლოდ ქართული ოცნების და მასთან დაახლოებული პირები” – ამბობს ქორჩილავა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები ამბობენ, რომ იმის ნაცვლად,რომ “ქართულ ოცნებას” მათ დროს დაწყებული რეფორმები გაეგრძელებინა და ქვეყნის განვითარებაზე ეზრუნა, მათ ქვეყნის საგარეო ვექტორი დასავლეთიდან ჩრდილოეთისკენ მოაბრუნეს, დააკნინეს და გააპარტახეს სახელმწიფო ინსტიტუტები, დაუკარგეს ავტორიტეტი პოლიციას და კრიმინალების მსახურად აქციეს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.