სტატიები

დაზიანებული ურნები ქარელში – ვინ და რატომ აზიანებს?

ქარელში დაზიანებული ურნების პრობლემა დიდი ხანია არსებობს. ამის მიზეზად კი მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური მოქალაქეების დაუდევრობას ასახელებს.

ქარელის კეთილმოწყობის სააგენტოს წარმომადგენელი, ირმა ძირტკბილაშვილი ამბობს, რომ მოქალაქეები ურნებში ყრიან ბაღებიდან გამოტანილ ფიჩხსა და ფოთოლს, შემდეგ კი ცეცხლს უკიდებენ.

“მოგეხსენებათ, რომ ურნების რაღც რაოდენობა პლასმასის არის. ზოგ ურნას ბორბლებს აცლიან, რის გამოც ურნები უვარგისი ხდება და შეკეთებასსც აღარ ექვემდებარება. ასევე ყრიან სამშენებლო ნარჩენებს, რასაც ურნები ვერ უძლებენ და ფუჭდება”, – ამბობს ირმა ძირტკბილაშვილი.

ქარელის საკრებულოს თავმჯდომარის, ჯუმბერ შუბითიძის თქმით, მოქალაქეებმა ამ მიმართულებით თვითშეგნება უნდა აიმაღლონ და ინფრასტრუქტურას გაუფრთხილდენენ.

“სოფელ ბერძენაულში, სკოლის წინ მდგომ ნაგვის ურნას ეკიდა ცეცხლი. რა თქმა უნდა, ამაზე რეაგირება მოახდინა სკოლის დირექტორმა, მაგრამ ასე გაუფთხილებელი მოქცევა მოსახლეობისგან არ შეიძლება. ალუმინის ნაწილებს აცლიან. შეგნება თუ არ გაიზარდა მოსახლეობაში, არაფერი გვეშველება”, – ამბობს ჯუმბერ შუბითიძე.

ინფორმაციისთვის, 2021 წელს ურნების დამატება-გამოცვლისთვის მერიამ 100 000 ლარი დახარჯა. იგივე თანხის დახარჯვა იგეგმება მიმდინარე წელსაც. ამჟამინდელი მდგომარეობიით, მუნიციპალიტეტში განთავსებული 1600-მდე ურნიდან 400 დაზიანებული.

დატოვეთ კომენტარი