ავტორი: ლელა ხუციშვილი შინდისიდან
ჩემ გარშემო ქალების უმრავლესობა საოჯახო და სამეურნეო საქმით არის დაკავებული. სოფლად მცხოვრები ქალების მხოლოდ მცირე ნაწილი ახერხებს სამსახურის შოვნას, რადგან ადგილზე სამუშაო ადგილები თითქმის არ არის, ქალაქში მუშაობის პარალელურად კი, ოჯახზე და მეურნეობაზე ზრუნვა ძალიან რთულია.
ამიტომაც არის, რომ სოფლად მცხოვრები ქალების უნარები და შესაძლებლობები ხშირად უხილავი რჩება. არადა, ჩემ გარშემო უამრავი ქალია, რომელსაც საკუთარი შრომისმოყვარეობით, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით, შემართებით და მონდომებით ბევრი მნიშვნელოვანი და სასიკეთო საქმის კეთება შეუძლია არა მხოლოდ საკუთარი ოჯახისთვის, არამედ მთლიანად სოფლისთვის და ქვეყნისთვის.
სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ქალებს, რომლებსაც მოქალაქეობრივად აქტიური ცხოვრების გამოცდილება არ აქვთ, წახალისება სჭირდებათ, რათა პირველ რიგში, სამოქალაქო ცხოვრებაში საკუთარი როლი და ფუნქცია გაიაზრონ და შემდეგ უკვე, გააქტიურების სურვილი გაუჩნდეთ.
ამის კარგი საშუალება იქნებოდა სოფლის კრებებში მონაწილეობა, რომელიც სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში იმართება ხოლმე და სადაც სოფლისთვის პრობლემური საკითხების განხილვა ხდება.
მაგალითად, მე, როგორც ერთი ქალი ვისურვებდი, რომ ჩემს სოფელში საკანალიზაციო სისტემა მოეწყოთ და სანიაღვრე არხები საფუძვლიანად გაეწმინდათ. ასევე, გამიხარდებოდა, თუ ახალგაზრდებისთვის რაიმე სახის საგანმანათლებლო და გასართობი ცენტრი მოეწყობოდა.
დარწმუნებული ვარ, რომ ანალოგიური მოთხოვნები სხვა ქალებსაც ექნებათ, მაგრამ სამწუხაროდ, სოფლის კრებებში მონაწილეობას ნაკლებად ვიღებთ, რადგან ხან შეკრების შესახებ არ გვაქვს ინფორმაცია და ხანაც გვგონია, რომ ჩვენს მონაწილეობას აზრი არ ექნება.
მახსოვს, ორი წლის წინ, ჩვენს სოფელში შემოვიდა ფონდი “ტასო” და ჩვენმა სათემო მუშაკმა ძალიან გამოგვაცოცხლა ნორვეგიის ფონდიდან დაფინანსებაც მივიღეთ და სხვადასხვა აქტივობებს ვაწყობდით, ახალი ცოდნა და გამოცდილება მივიღეთ. ამ ყველაფერმა კი, თვითშეფასება ავიმაღლა და მეტად თავდაჯერებულები გავხდით, რის გარეშეც რთულია, რომ აქტიური იყო.
მაგრამ მხოლოდ არასამთავრობო სექტორის ძალისხმევა საკმარისი არ არის. აუცილებელია, რომ სახელმწიფომაც შექმნას პირობები ქალთა მეტი აქტიურობისთვის და სოფლად მცხოვრები ქალების შემთხვევაში, ეს შეიძლება იყოს სწორედ სოფლის კრებებში ქალთა ჩართულობის ხელშეწყობა. ამისთვის კი, პირველ რიგში საჭიროა, კრებების სწორად დაგეგმვა, ინფორმაციის მაქსიმალურად გავრცელება და ადგილზე მისული ქალებისთვის აზრის თავისუფლად დაფიქსირების უფლების მიცემა.
ქალები გააქტიურდებიან მაშინ, როცა იგრძნობენ, რომ მათ აზრს ისმენენ და ითვალისწინებენ.
მე პირადად, სიამოვნებით ჩავერთვებოდი და დავაფიქსირებდი ჩემს აზრს სოფლის და ქვეყნის სასიკეთოდ. ამ ქვეყანაში ბევრი რამ ქალების მხრებზე დგას და აუცილებელია, რომ გადაწყვეტილებების მიღებისასაც გვქონდეს აზრის გამოთქმის და ჩვენს გარშემო მიმდინარე პროცესებზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა.
მასალა მომზადდა პროექტის “ქალები საერთო მიზნისთვის” ფარგლებში. პროექტს “მოზაიკა” ახორციელებს “ქალთა ფონდის” ფინანსური მხარდაჭერით. მასალის შინაარზე პასუხისმგებელია ავტორი და მისი მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის პოზიციას.