ახალი ამბები

გორი N7 სკოლის მოსწავლეები მიუსაფარ ცხოველებს საკვებს უგროვებენ

უკვე ოთხი თვეა, გორის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები მიუსაფარ ცხოველებს საკვებს უგროვებენ.

ქუჩაში ამდენი მიუსაფარი ძაღლის არსებობიდან გამომდინარე, გამიჩნდა ამ პროექტის განხორციელების სურვილი. ჩვენი სკოლის მიმდებარედ მუდამ უამრავი მიუსაფარი ძაღლია, რომლებიც მეტწილად მშივრები დადიან. ამიტომ დავიწყე სკოლაში პროექტის განხორციელება”, – გვითხრა ხათუნა შავშვილმა, რომელმაც იდეის განხორციელებაში საკუთარი მოსწავლეები ჩართო. 

მასწავლებელმა სკოლაში ყუთი დადგა, სადაც ბავშვები საკუთარი საკვები პროდუქტების ნარჩენებს ყრიან. 

“მოგეხსენებათ, რომ ბავშვები სკოლაში იკვებებიან და მუდმივად რჩებათ მათ საკვების ნარჩენები. გადავწყვიტე, რომ დიდი ყუთი დამედგა შესასვლელში, სადაც ბავშვები ამ ნარჩენებს განათავსებდნენ. ყუთი, როდესაც საკვებით აივსება, ის მიუსაფარი ცხოველებისთვის გაგვაქვს და ვაჭმევთ. ასევე აქტიურად ვთანამშრომლობთ კომბინატში მდებარე მიუსაფარი ცხოველების თავშესაფართან.”

მასწავლებელი გეგმავს, რომ ახლო მომავალში სკოლაში კინელოგი მიიწვიოს. 

“სამომავლოდ დაგეგმილი გვაქვს კინელოგი მოვიწვიოთ სკოლაში, რომელიც ბავშვებს მიაწვდის ინფორმაციას, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მიუსაფარ ცხოველებთან, რათა მათში ცხოველების სიყვარული დავნეგოთ და არა აგრესია, რომ ჩვენ ამ პრობლემის მოსაგვარებლად ერთად უნდა ვიმოქმედოთ, მარტო სახელმწიფო მათ ვერ მიხედავს, უკვე უამრავი მიუსაფარი ცხოველია ქუჩაში.”

N7 საჯარო სკოლა მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვის კამპანიაში სხვა სკოლების ჩართვასაც აპირებს. 


მასალა მომზადებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია mozaikanews.ge და შესაძლოა, რომ იგი არ
გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

დატოვეთ კომენტარი