ახალი ამბები

აფრიამაშვილის საქმე – მხარეთა პოზიციები

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში 11 იანვარს ნაპოვნი გარდაცვლილი სამხედროს ირაკლი აფრიამაშვილზე ძალადობის და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით 3 ყოფილი ჯარისკაცია დაკავებული.სამივე მათგანი გორის მუნიციპალიტეტიდან არის.

​მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა დაკავებული ყოფილი სამხედროები წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.არცერთი მათგანი დანაშაულს არ აღიარებს. სამივე ადასტურებს, რომ აფრამიაშვილთან იჩხუბეს და ფიზიკური დაზიანებაც მიაყენეს, თუმცა მის მკვლელობას ან თვითმკვლელობამდე მიყვანას კატეგორიულად უარყოფენ.

პროკურორის თქმით, მოწმეთა ჩვენებები, ვიდეომასალა, ადგილმდებარეობების დათვალიერების ოქმები, ფოტოცხრილები და საქმეში არსებული სხვა არაერთი მტკიცებულება, დაკავებულების ბრალეულობას ადასტურებს.

„საქმეში არის არაერთი მტკიცებულება, რომელთა უშუალოდ განხილვას და დეტალებში შესვლას გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარევერ მოვახდენთ, თუმცა ეს არის თვითმხილველი მოწმეთა ჩვენებები, ვიდეო მასალა, ადგილმდებარეობების დათვალიერების ოქმები, ფოტო ცხრილები და საქმეში არსებული სხვა არაერთი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ უთითებს სამივე ბრალდებულის მიერ ბრალში ასახული ქმედების ჩადენას.  ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ, თუმცა ფიზიკური შეხლა-შემოხლის და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტები რამდენიმე მათგანმა აღიარა”, – ამბობს პროკურორი.

დაცვის მხარის განცხადებით კი მოსამართლეს პატიმრობაში არ უნდა გაეშვა ყოფილი სამხედროები, რადგან არც მტკიცებულებების მოპოვებისათვის ხელის შეშლის და არც მიმალვის საფრთხე არ არსებობდა.

“ამ ადამიანმა თავი იმიტომ კი არ მოიკლა, რომ ვინმემ ფიზიკური შეურაცხყოფა ან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, არამედ იმიტომ, რომ საქციელი, რომელიც არც მას მიაჩნდა სწორად უბრალოდ გამჟღავნდა და ვფიქრობ, რომ მაღალი თავმოყვარეობის გამო გადაწყვიტა ის, რაც მოიმოქმედა კიდეც”, – ამბობს ადვოკატი ნოდარ ცინცაძე.

სამხედრო ახალშენის ტყეში გარდაცვლილი 11 იანვარს იპოვეს. ნაჭდევები, სისხლჩაქცევები და ნაკაწრები, რომელიც ცხედარს ჰქონდა, ოჯახს არწმუნებს, რომ აფრიამაშვილი ჯერ ჯგუფურად სცემეს, შემდეგ მოკლეს, ბოლოს კი თვითმკვლელობის ინსცენირება მოაწყეს. გამოძიების ვერსიით, ახალგაზრდა ჯარისკაცს საკუთარ სახლში სამხედროები ეჭვიანობის ნიადაგზე დაუპირისპირდნენ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 15 თებერვალს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) წარედგინათ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.