ახალი ამბები

ხაშურში 105 წლის ქალს ენდოპროთეზირების ოპერაცია ჩაუტარდა

,,გორმედის“ სამედიცინო ქსელის ხაშურის ფილიალში, 105 წლის ნინა ლომიძეს ფეხის ენდოპროთეზირების ოპერაცია ჩაუტარდა. ინფორმაციას კლინიკის ადმინისტრაცია ავრცელებს.

,,105 წლის პაციენტის ფეხზე დადგომა ჩვენთვის დიდი გამარჯვებაა. მოსალოდნელი რისკების მიუხედავად, ჩვენმა გუნდმა მოახერხა ურთულესი შემთხვევის მართვა” – აღნიშნავს ექიმი-ტრავმატოლოგი გიორგი ხაჩიძე.

ნინა ლომიძე ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბისისთავის მკვიდრია. ის 9 შვილიშვილის, 11 შვილთაშვილის, 2 შვილთაშვილის შვილის ბებია და 5 შვილის დედაა.

ოჯახის წევრების აზრით, ნინა ბებოს, სიცოცხლეს შვილებისა და შვილიშვილების სიყვარული უხანგრძლივებს.

,,გვიხარია, რომ ბებო ისევ სახლშია და თავისი ფეხით შეძლებს გადაადგილებას, მადლობას ვუხდით ,,გორმედის“ თითოეულ ექიმსა და ექთანს, გულისხმიერებისთვის და ჩვენს საყვარელ ბებოზე ზრუნვისთვის“- განაცხადა ნინა ლომიძის შვილიშვილმა გიორგი ლომიძემ.

კლინიკის ცნობით, პაციენტს დაცემის შედეგად ბარძაყის ძვლის მოტეხილობა დაუდგინდა – ასაკისა და თანმხლები დაავადებების ფონზე ოპერაციამ გართულებების გარეშე, წარმატებით ჩაიარა. 105 წლის ნინა ლომიძე უკვე გაეწერა კლინიკიდან.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.