ახალი ამბები

ყაჩაღობა გორში სათამაშო იარაღით – ბრალდებულს 3 წელი მიესაჯა

გორში, ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. “მოზაიკას” ინფორმაციით, შემთხვევა 2 იანვარს, კარალეთის დევნილთა დასახლებასთან არსებულ ბენზინგასამართ სადგურზე მოხდა.

დანაშაულში 2 პირი იღებდა მონაწილეობას, მათგან ერთი არასრულწლოვანია. მომხდარი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა.

„მოზაიკას” ინფორმაციით, დანაშაულში მონაწილე პირებმა ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორს იარაღის მუქარით ნავაჭრი თანხა, რამდენიმე ასეული ლარი წაართვეს და მიიმალნენ.

პოლიცია დანაშაულში მონაწილე პირებს თითქმის 2 დღე ეძებდა, ბოლოს კი მათ კვალს ქარელში მიაგნეს. ვინაიდან, ერთ-ერთი არასრულწლოვანია, პასუხისგებაში მხოლოდ სრულწლოვანი პირი მისცეს. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ორი პირი ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორს სათამაშო იარაღით დაემუქრა.

აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობისას დაკავებული მამაკაცის ადვოკატმა შუამდგომლობა წარადგინა და საბოლოოდ, შეთანხმება შედგა პროკურატურასა და ბრალდებულს შორის. შუამდგომლობას დაეთანხმა მოსამართლე და ყაჩაღობისთვის დაკავებულ კაცს 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

დატოვეთ კომენტარი