სტატიები

“ომის შემდეგ, ჯანმრთელობის პრობლემა ყველას გვაწუხებს, მაგრამ ამბულატორიაც კი არ გვაქვს”

ავტორი: ანა ჯიოშვილი

ნახევრადშეღებული ჭიშკრის მიღმა ქალების მხიარული სიცილი ისმის. ღობეების აქეთ-იქიდან მეზობლები ერთმანეთს იხმობენ. მოპატიჟებიდან მალევე კი, ცისანას ეზოში ზოგი ცხელი პურით, ზოგი – ყველით, ზოგიც კი ღვეზელებით ხელდამშვენებული შედის.

შუადღეა. დღის ის მონავეთი, როდესაც ქალები ოჯახის საქმეებს ცოტა ხნით წყდებიან და ამბების გასაზიარებლად ერთად იკრიბებიან.  

სოფელში სტუმარი ძალიან გვიყვარს. აქ ასაკიანი ხალხი ვართ დარჩენილი და თქვენნაირ ახალგაზრდებთან საუბარი გვახარებს“, – მითხრა ცისანამ თაზიაშვილმა და მაგიდასთან მიმიწვია, სადაც რამდენიმე ქალი მასპინძელს ელოდა.

ეს ქართულ – ოსური სოფელი ზარდიაანთკარია. დასახლება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ოჯახების უმრავლესობამ დატოვა. 

მიყრუებულ სოფელში ვცხოვრობთ, ვერც მაღაზიას ნახავთ და ვერც აფთიაქს, სოფელს არც ამბულატორია არ აქვს. თუ რამე გვინდა, გვერდით სოფელში გვიწევს წასვლა, რომელიც ერთ კილომეტრშია. ახალგაზრდები, რომ ვიყავით იქამდე ფეხით ჩავდიოდით, მაგრამ ახლა ეს რთულია. ზოგჯერ წამლებს ვადა გასდის წინასწარ, რომ ვიმარაგებთ, მაგრამ უცბად რომ დაგვჭირდეს, თავს ვიზღვევთ”, – მეუბნება ელენე ჯალაბაძე.

ზარდიაანთკარში სულ 28 ოჯახია დარჩენილი. პატარა სოფელში ძირითადად ასაკოვანი ხალხი შემორჩა და როგორც მითხრეს, ომის შემდეგ მათ უამრავლესობას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა. 

“ომის შემდეგ დავანტყოფდით ხალხი. იმის მერე გულის პრობლემები და წნევა ყველას აქვს. ამ სოფელში უპენსიო ორი ქლია, დანარჩენი სულ პენსიონერები ვართ. მედიკამენტები გვჭირდება, თუ რამე გვიჭირს მეზობლის ქალს ვეძახით დასახმარებლად, რომელიც ექთანია. თუ ის არ არის, საკუთარ თავს თავად უნდა ვუშველოთ”.

პროფესიით ექთანი ქალი, ციცინო ელიკაშვილი სოფელში ყველას ეიმედება. ციცინოს ამ მიმართულებით არასოდეს უმუშავია, თუმცა საკუთარი ინიციატივით თანასოფლელებს უკვე წლებია უანგაროდ ეხმარება. 

თანასოფლელებზე ზრუნვა ძალიან მსიამოვნებს და როგორც შემიძლია ვეხმარები მათ. ვისაც ჩემამდე მოსვლა უჭირს, ასაკიან ბებოებს ვგულისხმობ, მე მივდივარ მათთან და როგორც შემიძლია, ვეხმარები. ახლა კურსებიც გავიარე და სერთიფიკატი ავიღე. უკვე შემიძლია ექთნად მუშაობა, როგორც ამბულატორიაში, ისე საბავშვო ბაღში“, – გვითხრა ციცინო.

მისგანვე გავიგე, რომ უკვე წლებია, ქალები სოფელში ძველი სამედიცინო პუნქტის აღდგენას ითხოვენ. 

“რამდენი წელია, ვითხოვთ, რომ  აქ სამედიცინო პუნქტი გვქონდეს. შენობაც არის, გარემონტება უნდა. საჭირო და აუცილებელია მაგის გაკეთება”.

მოგვიანებით, ქალებმა ის ტერიტორიაც მაჩვენეს, სადაც ამბულატორიის მოწყობა სურთ. მათი თქმით, სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა სწორედ ამ საქმეს უნდა მოხმარდეს. 

“აქ გვინდა, რომ იყოს ამბულატორია, სადაც ექთანიც იქნება და წამლებიც. დიდი ხანია, ამაზე ვლაპარაკობთ. მოხუცები ვართ და გვჭირდება. ეს ისეთი ამბავია, ამდენი მოთხოვნაც არ უნდა სჭირდებოდეს. ყველამ ისედაც იცის, რომ მოხუც ადამიანს ექთანიც სჭირდება და წამალიც”.


მასალა მომზადებულია პროექტის “ქალები და ოკუპაცია” ფარგლებში. პროექტს “მოზაიკა” შვედური ორგანიზაციის “სამოქალაქო უფლებების დამცველები” დაფინანსებით ახორციელებს. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის პოზიციებს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.