სტატიები

ქალი ორი გვარით – ოკუპაციით დანაწევრებული ოჯახის ისტორია

ავტორი: გიორგი ახალკაცი

კირბალში, თამაზ გინტურის მკვლელობის შემდეგ, განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო.  პოლიციას უსაფრთხოების ზომები  გამკაცრებული ჰქონდა და სოფელში ხშირად ჟურნალისტების ჯარი იდგა. 

ამ პატარა სოფლის ყოველი მეორე მცხოვრები ერთხელ მაინც არის რუსების მიერ გატაცებული და გამოგონილი ბრალდებით ცხინვალის ციხეში ნამყოფი. 

კირბალს ოკუპანტები მთის ფერდობებიდან გადმოჰყურებენ თუმცა, ადგილობრივები მათ არ უშინდებიან და მტრის უკანონო ქმედებებზე ისეთი გამბედაობით საუბრობენ, როგორც არსად სხვაგან. 

ამ ბრძოლაში განსაკუთრებული როლი აქვთ ქალებს, რომლებიც უშიშრად, ხმამაღლა აპროტესტებენ მათი სოფლის მიწების, სალოცავების და საფლავების ოკუპაციას. 

გორიდან კირბალში  ავტომობილით ჩასასვლელად 20 – 25 წუთი დამჭირდა. სოფლის შესასვლელთან მდგომი პოლიციელების ჯგუფი შორიდანვე შევნიშნე. მათაც შემამჩნიეს, რომ ჩემს გასაჩერებლად მოემზადნენ. 

⁃ გამარჯობა, საით მიბრძანდებით, უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებული გაქვთ?

⁃ გამარჯობა. კი,  შეთანხმებული გვაქვს და სოფელში, ხალხთან მივდივართ. 

⁃ საოკუპაციო ხაზთან ასვლას ხომ არ გეგმავთ? 

⁃ არა, ამჯერად არა. 

⁃ კარგი, მიბრძანდით და იქ ჩვენი ჯგუფი დაგხვდებათ. 

გზას ვაგრძელებ და რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ, სოფლის ცენტრში, პოლიციის “პიკაპი” მხვდება. იქვეა ავტობუსის მოსაცდელი ჯიხურიც, სადაც  საბჭოთა დიქტატორის, სტალინის ფოტოა გაკრული. იმ კაცის, რომლის შექმნილმა იმპერიამ ცოტა ხნის წინ, ამავე სოფლის მკვიდრი, თამაზ გინტური, იქამდე კი ოთხოზორია და ტატუნაშვილი მოკლა. 

თუმცა,  ჩემი მასალა დიქტატორზე არაა, ეს ისტორია  ქალზეა, რომელსაც ორი გვარი აქვს და გულით დიდ ტკივილს ატარებს. 

მანქანას ვაჩერებ და გზას ფეხით, კირბალის დასავლეთ ნაწილის მიმართულებით ვაგრძელებ.  ოციოდე მეტრში პატარა სახლი დგას, რომელსაც ჭიშკარი არ აქვს. ჩემს დანახვაზე ძაღლი ყეფს, თუმცა მის დამშვიდებას ოჯახის დიასახლისი იწყებს და ხელით მანიშენებს, რომ მივუახლოვდე. 

მოდი, ძაღლის არ შეგეშინდეს, მოდი… პური მაქვს თონეში ჩაკრული, ახლა უნდა ამოვყარო და ყველსაც დავჭრი“, – ამ სიტყვებით შემომეგება ირმა მარძიგოვა-პაპიტაშვილმა და გულიანად ჩამეხუტა. 

ირმას კარგად ვიცნობ. პირველად წლების წინ, მაშინ ვნახე,  როდესაც რუსების მიერ გატაცებული  მეუღლის გათავისუფლებაში დახმარებას თვალცრემლიანი ითხოვდა. საკუთარი  ისტორია მან ჯერ კიდევ  მაშინ მიამბო.

შუა ხნის ქალი წარმოშობით ცხინვალის რაიონიდან, სოფელ ხეთაგურივიდან არის. 

ნათესავები, რომელებიც ახლა ოსურ სოფელ წუნარში ჰყავს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ აღარ უნახავს. წუხს, რომ ვერ დაესწრო დედის დაკრძალვას, რომელიც რამდენინე წლის წინ გარდაეცვალა. 

ვერ დავიტირე დედა, ვერ გადავედი. წითელ ჯვარსაც ვთხოვე დახმარება. მარტო იმას ვითხოვდი, დაკრძალვას დამასწარით-თქო. მაგრამ უარი მივიღე. რატომ არ უნდა შეიძლებოდეს, ერთხელ მაინც შესვლა?  ვერ მოვინელე, დედა ვერ ვნახე, საკუთარი დედა, რომელოც მომიკვდა“, – მითხრა და ატირდა. 

და-ძმასთან კონტაქტი ტელეფონით აქვს. მსგავს კომუნიკაციას ვეღარ ახერხებს მამასთან, რომელიც 80 წელს გადაცილებულია და სმენა დაუქვეითდა. 

“მამაჩემი, ჩემი და-ძმები, მათი შვილები და ბიძაშვილები სულ იქით არიან… ჩემი და ცხინვალში ცხოვრობს, ერთი ძმა – მამასთან,  მეორე კი ტბეთში. ყველას ველაპარაკები ტელეფონით, მაგრამ მამას ვეღარ. დედის გარდაცვალების შემდეგ, სულ ორჯერ ვცადეთ დალაპარაკება, მაგრამ სმენა დაუქვეითდა და ჩემი ხმა აღარ ესმის….”

ირმას ძვირფას ადამიანებთან დაშორება მუდმივად ახსენებს ოკუპაციის სიმძიმეს და როგორც ამბობს, ალბათ ამიტომაც არის, რომ ამ რეალობასთან შეგუება არ შეუძლია. 

მისი ეზოდან კარგად მოსჩანს იმ მთის ფერდობი, სადაც პერიოდულად ავტომატებასხმული რუსები გადაივლიან ხოლმე. ამ დროს სოფელში ყველას შიში იპყრობს – ჯავრობენ, ნახირში წასულ მწყემსებს, მათივე სიტყვებით, “დაუპატიჟებელმა სტუმრებმა” არაფერი ავნონ. 

“ბევრი რთული პერიოდი გამოვიარეთ. მაგალითად, ჩემი ქმარი, გოგი პაპიტაშვილი რუსებმა ნახირში ყოფნის დროს რამდენჯერმე დააკავეს.  ერთხელ გადმოვიდნენ, გადაიყვანეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სურათები გადაუღეს და დააბრალეს, ვითომ იქით გადავიდა. სცემეს კიდეც და კაცს ჯანმრთელობა შეურყიეს. აი, ასეთ დღეში ვართ, ეხლა კი ახალგაზრდა კაცი, თამაზი მოგვიკლეს.  ნახირი არა, სალოცავი არა, ეს სიცოცხლეა? უნდა გამოფხიზლდეს ქვეყანა, ყველა უნდა დადგეს ფეხზე, ამ ამბავს არ უნდა შევეგუოთ.”

ქალს, ორი  გვარით, მხოლოდ ერთი სურვილი აქვს და ეს სურვილი ქართველების და ოსების შერიგებაა. თუმცა, კარგად აცნობიერებს რომ ამ კონფლიქტში მთავარი როლი რუსეთს აქვს, რომელიც მას და მის თანასოფლელებს მშვიდად ცხოვრებუს საშუალებას არ აძლევს. 

“ხომ ხედავთ, როგორ ღარიბად ვცხოვრობ? მაგრამ, არც სიმდიდრე მინდა და არც სხვა არაფერი, გარდა ერთისა, ქართველები და ოსები შევრიგდეთ, ჩვენ შვილებს ჰქონდეთ კარგი მომავალი და მეც იქნებ, ოდესმე, ჩემები კიდევ ვნახო..”

ამასობაში თონეში ჩაკრული ლავაშებიც გამოცხვა და ირმამ მათი ამოყრა დაიწყო, თან ლაპარაკობდა:

“თუ რამეს დაწერ იცოდე, მომიკითხე ჩემი ოსები, დიდიც და პატარაც. ასე მგონია, მალე ისევ ერთად ვიქნებით…”

ცნობისთვის, სოფელ კირბალში ადგილობრივი მცხოვრები 58 წლის თამაზ გინტური რუსმა ოკუპანტებმა 6 ნოემბერს იმ დროს მოკლეს, როდესაც თანასოფლელ ლევან დოთიაშვილთან ერთად, ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის მოსალოცად იყო წასული. 

გინტურს ზურგიდან 2 ტყვია ესროლეს, რაც სასიკვდილო აღმოჩნდა, ლევან დოთიაშვილი კი სცემეს და ცხინვალში გადაიყვანეს.  34 წლის მამაკაცი საოკუპაციო ძალებმა 4 დღიანი უკანონო პატიმტობის შემდეგ გაათავისუფლეს. 

ამ ამბის შემდეგ, კირბალში პოლიციამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა, თუმცა ადგილობრივების ნაწილს დაუცველობის განცდა მაინც არ შორდება. 


მასალა მომზადებულია პროექტის “ქალები და ოკუპაცია” ფარგლებში. პროექტს “მოზაიკა” შვედური ორგანიზაციის “სამოქალაქო უფლებების დამცველები” დაფინანსებით ახორციელებს. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის პოზიციებს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.