ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი გორში მოქალაქეებთან დაგეგმილ შეხვედრაზე არ მივიდა

საქართველოს პრეზიდენტი მასთან შესახვედრად შეკრებილ მოქალაქეებს არ შეხვდა. შეხვედრა გორში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში იყო დაგეგმილი, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა იქ მისვლა გადაიფიქრა. 

ის თავდაპირველად “ხელოვნების სახლში” მივიდა და ჟურნალისტებს უთხრა, რომ ქალაქს კამპანიის “ჩვენი ხმა ევროპას” ფარგლებში სტუმრობდა. 

 “დღეს აქ მოსული ვარ ჩვენი კამპანიის ფარგლებში. ეს ეხება “ჩვენი ხმა ევროკავშირს”.  როგორ უნდა გავუგზავნოთ, როგორ უნდა გავახსენოთ და როგორ უნდა ყველას ვუთხრათ, რომ ჩვენი ხმა და ადგილი ევროპაში არის და ეს ახალგაზრდული ცენტრი არის ძალიან მნიშვნელოვანი ასევე იმისთვის, რომ ყველა ქალაქში კულტურა იყოს ცოცხალი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტების დამატებით შეკითხვებს პრეზიდენტმა არ უპასუხა. მისი თქმით ის გორში სტალინზე, სააკაშვილზე, ვარდების რევოლუციის 20 წლისთავზე და შეწყალების გეგმებზე სასაუბროდ არ ჩასულა. 

არც სტალინზე და არც სააკაშვილზე სალაპარაკოდ არ მოვსულვარ. მე აქ შეწყალებაზე და არავის შეწყალებაზე არასოდეს არ ვსაუბრობ და კითხვებზე არ ვპასუხობ. ვისაც შევიწყალებ, ვნახავთ, როცა იქნება“, – განაცხადა პრეზიდენტმა. 

“ხელოვნების სახლიდან” სალომე ზურაბიშვილი ერისთავის თეატრში ქალთა კამერული გუნდისა და ანსამბლ “შავნაბადას” კონცერტზე წავიდა. დროის ამ მონაკვეთში, მას მოქალაქეები დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ელოდებოდნენ, რადგან წინასწარ გავრცელებული ანონსის მიხედვით, სიმბოლური ღონისძიება “ჩვენი ხმა ევროპას” პრეზიდენტის მონაწილეობით სწორედ იქ უნდა გამართულიყო. 

დატოვეთ კომენტარი