სტატიები

რა გაკეთდა ქარელში 2023 წელს – მუშაობის ერთწლიანი ანგარიში, რომელიც 20 წუთში ჩაეტია 

2023 წელს ქარელში 11 000 000 ლარის ღირებულების პროექტები განხორციელდა, – განაცხადა ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა ერთ წლიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენისას. 

ზაზა გულიაშვილის თქმით, 2023 წლის ქარელის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენდა თვითმმართველობის და ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლება, კულტურა, ახალგაზრდობა, სპორტი, ჯანმრთელობის უზრუნველყობა, გარემოს დაცვა და დასუფთავება. 

“2023 წლის ბიუჯეტი განისაზღვრა 34 მლნ 521 ათასი ლარით. მუნიციპალიტეტში დაგეგმილი იყო 17 მლნ 618 ათასი ლარის ღირებულიების ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლიდანაც ამჟამად შესრულებულია 11 მლნ 478 ლარის ღირებულების სამუშაოები, ხოლო დანარჩენი სამუშაოები ისევ მიმდინარეობს”, – აღნიშნა გულიაშვილმა. 

გულიაშვილმა ანგარიშში ახსენა რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტებიც, რომელთა შორის უკვე დასრულებულია ათზე მეტი პროექტი. 

“რეგიონებში განსახოროციელებელი პროექტების ფონდის მიერ 2023 წელს ქარელის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 12 პროექტი, მათ შორის უკვე დასრულებულია სოფელ ჯლევიჯვრისა და აბანოს საბავშვო ბაღები, სოფელ ქვენატკოცის, აგარის ქუჩების, სოფელ რუისის, ქოქესაანთუბნის, სოფელ ბებნისის გზის, ქვემო ხვედურეთის გზის, დირბის, ბრეთის მეურნეობის გზების ასფალტირება და რეაბილიტაცია. ამჟამად, მიმდინარეობს ქარელის 15 ქუჩაზე მუშაობა და ასევე ქარელში დევნილთა დასახლების ქუჩებზე სამუშაოები. აღნიშნული პროექტების საერთო ღირებულებამ შეადგინა 6 მლნ 896 667 ლარს, აქედან ადგილობრივი თვითმმართველობის თანადაფინანსების თანხამ შეადგინა 634 000 ლარი”, – განაცხადა ქარელის მერმა. 

ანგარიშის მიხედვით, ქარელის მუნიციპალიტეტში მაღალმთიანი დასახლების განვითარების ფონდის დაფინანსებითაც განხორციელდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი. მათ შორისაა სოფელ ორთუბანისა და მძოვრეთის მამათა მონასტერთან მისასვლელი გზის ასფალტირება, რისთვისაც 2 მლნ 344 ათასი ლარი დაიხარჯა.  რაც შეეხება ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ პროექტებს, ზაზა გულიაშვილის თქმით, ინფრასტრუქტურული მიმართულებით 3 მლნ 967 ათასი ლარი დაიხარჯა. 

ინფორმაციისთვის, ქარელის მერმა ანგარიში კულტურის სახლის შენობაში წარადგინა. წარდგენას სხვადასხვა ა(ა)იპ-ის თანამშრომლები, პედაგოგები და სხვა საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ. ანგარიშმა კითხვა – პასუხის გარეშე ჩაიარა და დაახლოებით 20-30 წუთი გაგრძელდა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.