ახალი ამბები

ენმ-ის ყოფილი წევრი წინა ხელისუფლებას “ოცნების” მანდატით აკრიტიკებს

გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი სოსიაშვილი საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოვიდა. სოსიაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან გააკრიტიკა ენმ-ს წარმომადგენელი, ხატია დეკანოიძე და მისი მინისტრობის პერიოდი გაიხსენა. 

სოსიაშვილის თქმით, დეკანოიძის მინისტრობის პერიოდში განათლების სამინისტრო რეპრესიულ პოლიტიკას ატარებდა. 

“სამარცხვინო პერიოდი იყო მისი მინისტრობისას, როცა განათლების სამინისტროს უდგა სათავეში. როცა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იყო დიდი, რეპრესიული მანქანის ერთი მთავარი ნაწილი. როდესაც ხდებოდა შავი სიების შედგენა, სკოლებიდან დირექტორების გამოყრა, პედაგოგებისთვის არჩევნების პერიოდში პირადობების ჩამორთმევა. სულში ჩააფურთხეთ პედაგოგიურ საზოგადოებას და დღეს ლაპარაკი გაქვთ ევროპულ მომავალზე და მაღალ ღირებულებებზე. “კუდი” მართავდა და იქ წყდებოდა ყველაფერი, რატომ ამაზე არ გვცემენ პასუხს? “, – განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა. 

ინფორმაციისთვის, ხატია დეკანოიძე განათლების სამინისტროს 2012 წლის ივლისი-ოქტომბრის პერიოდში ხელმძღვანელობდა. ამ დროს გიორგი სოსიაშვილი გორის უნივერსიტეტის რექტორი იყო. 2011 წლამდე კი გორის საგანმანათლებლო რესურცენტრის დირექტორის პოზიციას იკავებდა. აღსანიშნავია, რომ სოსიაშვილი ასევე იყო “ნაციონალური მოძრაობის” წევრი. იგი 2006 წლამდე გორის საკრებულოს წევრი იყო აღნიშნული პარტიიდან. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.