ახალი ამბები

შიდა ქართლში უკანონო ნადირობის 21 შემთხვევა გამოვლინდა 

ნადირობის სეზონის დაწყებიდან 19 სექტემბრის ჩათვლით, უკანონო ნადირობის 229 ფაქტი გამოავლინეს, – ინფორმაციას ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვითი ზედამხეველების დეპარტამენტი ავრცელებს. 

უწყების ცნობით, შიდა ქართლში უკანონო ნადირობის 21 შემთხვევა დაფიქსირდა. ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა იმერეთში – 80 ფაქტი. 

“40 სამართალდარღვევაა გამოვლენილი მცხეთა-მთიანეთში, 36 – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 21 – შიდა ქართლში, 15 – გურიაში, 12 – კახეთში, 9 – აჭარაში, 7 – სამცხე-ჯავახეთში, 5 – ქვემო ქართლში, 2 ფაქტი კი, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში დაფიქსირდა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის 2 ფაქტი აღკვეთეს ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებშიც”, – ნათქვამია განცხადებაში. 

დეპარტამენტის ინფორმაციით, გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 163 აკრძალული იარაღით ან მეთოდით ნადირობის ფაქტებია. 59 შემთხვევაში სამართალდამრღვევები გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის გარეშე ნადირობდნენ, 5 შემთხვევაში ბრაკონიერებმა აკრძალული სახეობები მოინადირეს, 2 კი, გადამფრენ ფრინველებზე ქალაქის ან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნადირობის ფაქტია.

ასევე დაფიქსირდა უკანონო საშუალებით, ფრინველის მოსაზიდი ხელნაკეთი ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობით ნადირობის ფაქტებიც. ნადირობის სეზონის დაწყებიდან 1 თვის განმავლობაში, ამოღებულია 164 ერთეული ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობა.

დატოვეთ კომენტარი