სტატიები

სად და რა ფორმით იკვეთება დანაშაულების ნიშნები გორის მერიის საქმიანობაში? 

ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, მითვისება ან გაფლანგვა, ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა, შრომის კანონმდებლობის დარღვევა, დევნა – სწორედ ამ დანაშაულების ნიშნები იკვეთება გორის მერიის მიერ მუნიციპალიტეტის მართვის პროცესში. 

კანონდარღვევის ნიშნები ჩანს მერიის საკადრო პოლიტიკაში, მუნიციპალური ქონების მართვაში, ბიუჯეტის ხარჯვაში, მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების განსაზღვრასა და შესყიდვებშიც. 

სად რა დანაშაულის ნიშანი იკვეთება, ვის ბრალეულობას ააშკარავებს ის  და რა რეაგირება აქვთ მათზე საგამოძიებო უწყებებს – ამ მონაცემებს აერთიანებს “მოზაიკას” მიერ პროექტის “სისტემური მმართველობის შესაცვლელად” ფარგლებში მომზადებული დოკუმენტი. 


საკადრო პოლიტიკა – დანაშაულებების ნიშნები გორის მერის მიერ მიღებულ საკადრო გადაწყვეტილებებში

გორის მერად ვლადიმერ ხინჩეგაშვილის არჩევის შემდეგ, საკადრო ცვლილებები განხორციელდა როგორც მერიაში, ისე მის დაქვემდებარებაში მყოფ ა(ა)იპ-ებშიც. 

გათავისუფლებულ თანამშრომელთა ნაწილმა სასამართლო დავა წამოიწყო.  სასამართლო პროცესები კი ან მოსარჩელეთა სასარგებლოდ  დასრულდა ან მორიგების საფუძველზე მოხდა საქმისწარმოების შეწყვეტა. 

მოსარჩელეთა ნაწილი არათანაბარ მოპყრობაზე, დისკრიმინაციასა და პოლიტიკური ნიშნით დევნაზე, ასევე სამსახურიდან წასვლის განცხადების დაწერის იძულებაზე საუბრობდა. 

Შესაბამისად, გათავისუფლებულ თანამშრომელთა ისტორიებზე დაყრდნობით, გორის მერის გადაწყვეტილებებში, იურისტების შეფასებით, რამდენიმე დანაშაულის ნიშანი იკვეთება: 

  • ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა (მუხლი 142), რაც გულისხმობს ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევას მათი ასაკის, გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რამაც არსებითად ხელყო ადამიანის უფლება. 

გათავისუფლებულების ნაწილი მიუთითებდა, რომ მოხდა მათი სამსახურიდან გათავისუფლება სწორედ მათ მიერ გამოხატული კრიტიკული პოზიციებისა თუ პოლიტიკური შეხედულებების გამო (მაგ. ო.ხ.-სა და დ.ჭ-ს საქმეები). დაირღვა მათი შრომითი უფლება, რაც წარმოადგნს ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლების დარღვევას”, – ამბობს “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი ლექსო მერებაშვილი. 

  • დევნა (მუხლი 156), რაც გულისხმობს ადამიანის დევნას სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით. 

“ზემოთ მითითებულ საქმეებზეც შესაძლოა გამოიკვეთოს აღნიშნული დანაშაულის ნიშნები, რამდენადაც მათი გათავისუფლება სამსახურიდან განხორციელდა გამოხატული კრიტიკული შეხედულებების გამო”, – აღნიშნავს იურისტი. 

  • შრომის კანონმდებლობის დარღვევა (მუხლი 169), რაც გულისხმობს პირის იძულებას, დაწეროს განცხადება საკუთარი ინიციატივით სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე, ან სამუშაოზე აღდგენის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა. 

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია გორის მუნიციპალიტეტის მერიის ყოფილ თანამშრომელ დ.ჭ.-ს მომართული აქვს მითითებული დანაშაულის შემადგენლობასთან დაკავშირებით და ითხოვს დამნაშავე პირების დასჯას.

  • სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება (მუხლი 332), რაც გულისხმობს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. 

“სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ადასტურებს, რომ ხელმძღვანელი პირები ხშირ შემთხვევაში უკანონო გადაწყვეტილებების საფუძველზე სხვადასხვა დაფარული მოტივაციით ათავისუფლებენ საკუთარ თანამშრომლებს თანამდებობიდან”, – აღნიშნავს იურისტი. 

ზიანი: აღნიშნული დავები ინაცვლებს სასამართლოში, რის შემდეგაც ბიუჯეტს უწევს საკმაოდ სოლიდური თანხების გადახდა უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლების სასარგებლოდ. აღნიშნული წარმოადგენს როგორც გათავისუფლებულის, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის არსებითი ინტერესების დარღვევას, კერძოდ ერთი მხრივ ირღვევა უკანონოდ გათავისუფლებულის შრომითი უფლებები, ხოლო მეორე მხრივ იფლანგება ადგილობრივი თვითმართველობის ბიუჯეტი. აღნიშნულზე კი პასუხისმგებელი არავინ არ არის. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიმღები პირები აგრძელებენ უკანონო, თვითნებურად განხორციელებულ საკადრო პოლიტიკას.

შენიშვნა: ინფორმაციის და ფაქტების გაზიარების მიუხედავად, ამ საკითხებზე რეაგირება არც პროკურატურამ და არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საჭიროდ არ მიიჩნია. 


აბიუჯეტო თანხების არამართლზომიერი ხარჯვა – დარღვევები საახალწლო ხარჯების მაგალითზე 

“Მოზაიკას” მიერ შესწავლილი იქნა გორის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი ა(ა)იპ-ის, გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს საქმიანობა წინა საახალწლო პერიოდში. 

Სწორედ აღნიშნულმა ა(ა)იპ-მა დაგეგმა მუსიკალური და გასართობი ღონისძიებები და წლის ბოლოს, სააგენტოს ყველა თანამშრომელს ჯილდოებიც დაურიცხა. 

იურისტების შეფასებით, ა(ა)იპ-ის წინასაახალწლო საქმიანობაში იკვეთება  შემდეგი დარღვევები:

  • გამარტივებული შესყიდვების კანონიერება.

ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურის და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტომ 2023 წლის საახალწლო ღონისძიებებისთვის 16 გამარტივებული შესყიდვა განახორციელა, რისთვისაც ჯამში 375 568 ლარი დაიხარჯა. თითოეული წარმოდგენილი ხელშეკრულების თანხის ოდენობა აღემატება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ზღვარს, რომლის მიღმაც უწყება ვალდებულია გამოაცხადოს ტენდერი.

ამასთანავე ზემოაღნიშნულმა ა(ა)იპ-მა 2021 წლის ნოემბერში გამოაცხადა ტენდერი სცენის დასაქირავებლად, რომელსაც 2022 წლის 17 დეკემბრის კონცერტისთვის გამოიყენებდა. თუმცა უწყებამ საჭიროდ არ ჩათვალა მომღერლების შესარჩევად ტენდერის გამოცხადება და ამის ნაცვლად, გამარტივებული წესით გაფორმდა ხელშეკრულება მუსიკალურ ჯგუფ “ლაუდსფიქერ“-სთან, რომლის ყოფილი მენეჯერი თევდორე მაყაშვილი გორის მუნიციპალიტეტის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მრჩეველია. 

“ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე იკვეთება, რომ ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურის და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს უკვე დაგეგმილი ჰქონდა წინასაახალწლოდ კონცერტის ჩატარება და შესაბამისად დაუსაბუთებელია გამარტივებული შესყიდვების ჩატარების აუცილებლობა”, – აღნიშნავს “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთევან ბებიაშვილი. 

  • ჯილდოს გაცემის კანონიერება.

გორის მუნიციპალიტეტის მერიაში და მუნიციპალიტეტის ზოგიერთ ა(ა)იპ-ში გაიცა ჯილდოები – თითოეულ თანამშრომელზე სახელფასო სარგოს 70%. თუმცა, არც ერთ მათგანს არ მოუხდინია ჯილდოს გაცემის კრიტერიუმებისა და თანამშრომელთა წახალისების ამ ფორმის გამოყენების კანონიერების საჯაროდ დასაბუთება. 

“ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იკვეთება გორის მუნიციპალიტეტის და ამავე მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურის და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მხრიდან საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი და კანონდარღვევით ხარჯვის შემთხვევა”, – აღნიშნავს იურისტი. 

Წინასაახალწლო პერიოდში ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელი გვანცა მჭედლიშვილი იყო. 

ზიანი: დაუსაბუთებლად გაცემულ ჯილდოებზე, მხოლოდ ერთი ა(ა)იპ-ის შემთხვევაში, ბიუჯეტიდან 115 000 ლარი დაიხარჯა.  Რაც შეეხება ახალი წლის აღსანიშნავად, უტენდერო შესყიდვებით და მოქალაქეთა სურვილების კვლევის გარეშე დახარჯულ  404 568 ლარს, აქედან ადგილობრივ ბიზნესმენებთან თანამშრომლობაზე მხოლოდ – 22%, ხოლო საახალწლო დახმარებებზე 11%  დაიხარჯა.

შენიშვნა: ფაქტები გაეგზავნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, თუმცა შემდგომი რეაგირების შესახებ უწყებას ინფორმაცია არ მოუწოდებია. 

მუნიციპალური ქონების მართვა – დანაშაულების ნიშნები მუნიციპალიტეტის კუთვნილი ქონებით სარგებლობის კუთხით

“Მოზაიკას” მიერ მოპოვებული ფაქტებიდან დასტურდება, რომ გორის მერიის, მუნიციპალური ა(ა)იპ-ების თუ საკრებულოს მაღალჩინოსნები სამსახურის მანქანებით დადიან სახლებში, საყიდლებზე, პირად შეხვედრებზე და დასასვენებლადაც კი. საჯარო მოხელეები პირადი კომფორტისთვის მოიხმარენ იმ ავტომობილებს, რომელთა შეძენისთვის, საწვავით უზრუნველყოფისთვის თუ მოვლა-პატრონობისთვის, ერთ წელში ბიუჯეტიდან თითქმის 1 000 000 ლარი დაიხარჯა.

ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გამოიკვეთა, რომ გორის მუნიციპალიტეტის მოქმედი მერი, მისი მოადგილე და მუნიციპალური ა(ა)იპ-ის ხემძღვანელი პირები პირადი მიზნებისათვის მოიხმარენ საბიუჯეტო დაწესებულების სახსრებით შეძენილ ავტომობილსა და საწვავს.

იურისტის შეფასებით, საბიუჯეტო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ავტომობილების გამოყენებისა თუ მათზე გაწეული ხარჯების შესწავლისას, იკვეთება რამდენიმე დანაშულის ნიშანი, კერძოდ:

  • მითვისება ან გაფლანგვა (მუხლი 182), რაც გულისხმობს სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება ან გაფლანგვა, თუ ეს ნივთი ან ქონებრივი უფლება მიმთვისებლის ან გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში იმყოფებოდა. 

მოცემულ შემთხვევაში შესაძლოა იკვეთებოდეს ასევე ამ მუხლის სხვა ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულებიც, კერძოდ, იგივი ქმედება ჩადენილი არაერთგზის ან/და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

“ავტომობილები თანამდებობის პირებსა და სხვა საჯარო მოხელეებს გადაეცემათ მხოლოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად. ამ ავტომობილებით პირადი და საოჯახო საქმეების კეთება უნდა დაკვალიფიცირდეს, როგორც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ან საბიუჯეტო სახსრების მითვისება/ფლანგვა. ყველა ადმინისტრაციული რესურსი გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ საჯარო, საზოგადო სიკეთეებისათვის”, – განმარტავს იურისტი. 

  • სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება (მუხლი 332), რაც გულისხმობს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. 

“იმ პირობებში, როდესაც საჯარო მოხელეები, თითქოს საკუთარი უფლებამოსილებების განსახორციელებლად და სინამდვილეში პირადი საქმეების მოსაგვარებლად იყენებენ საბიუჯეტო დაწესებულების ბალანსზე რიცხულ ავტომობილსა და ამავე დაწესებულების ხარჯით შეძენილ საწვავს, სახეზე შეიძლება იყოს ასევე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინეტერესის საწინააღმდეგოდ და თავისთვის რაიმე გამორჩენის (ამ შემთხვევაში გადაადგილების ხარჯის) მიღების მიზანი”, – აღნიშნავს იურისტი. 

ზიანი:  Მუნიციპალური ქონება, რომლის შეძენისთვის და შენახვისთვის, თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან იხარჯება, საბოლოოდ კონკრეტული პირების პირად სარგებლობაში ხვდება – მაგალითად, მხოლოდ მერიის მიერ, 13 ახალი ავტომობილის შეძენისთვის 529 928 ლარი დაიხარჯა, ავტომობილების დაზღვევისთვის – 11 040 ლარი, საწვავით მომარაგებისთვის – 125 000 ლარი, ხოლო შეკეთებისთვის –  90 680. ჯამში, მხოლოდ მერიამ ამ მიმართულებით ერთ წელში 756 648 ლარი დახარჯა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამდენივე თანხა მოაკლდა მოქალაქეებისთვის პრიორიტეტული პრობლემების მოგვარებას და კონკრეტული პირების კომფორტულ გადაადგილებას მოხმარდა. 

შენიშვნა: ინფორმაციის და ფაქტების გაზიარების მიუხედავად, ამ საკითხებზე რეაგირება არც პროკურატურამ და არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საჭიროდ არ მიიჩნია.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.