სტატიები

ქარელის მერიამ ონკანები იმ სოფელში მოაწყო, სადაც წყალი წლებია არ მოდის

ქარელის მერიამ ონკანები იმ სოფელში მოაწყო, სადაც წყალი წლებია არ მოდის. 

“სოფლის ქუჩებში დაამონტაჟეს ონკანები. პირდაპირ მასხარად აგდებაა იმ სოფლის, რომელსაც წლებია წყალი არ აქვს და ონკანებს უდგამენ”, – გვითხრა სოფელ აფნისში მცხოვრებმა თეა კაკიაშვილმა. 

აფნისი ქარელიდან 4 კილომეტრში მდებარეობს. სოფელში ამჟამად 14 ოჯახიღა ცხოვრობს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, სოფელი იცლება, რადგან ცხოვრებისთვის საჭირო პირობები არ არის. 

“დასალევი წყალიც კი ქარელიდან ამოგვაქვს. სხვა საჭიროებებიც ხომ გვაქვს, როგორ უნდა ვიცხოვროთ ამ პირობებში”, – ჩივიან სოფელში. 

როგორც აფნისში გვითხრეს, წყლის პრობლემის მოგვარებას წლებია ითხოვენ. წლებია ამ პრობლემის მოსაგვარებლად, სხვადასხვა პროეტებიც ხორციელდება, მაგრამ უშედეგოდ. 

“2004 წლიდან წყალს აკეთებენ და სოფელს წყალი არ აქვს”, – გვითხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა ნინო თავართქილაძემ. 

ნინოს იხსენებს, რომ სოფელში ჯერ ჭაბურღილი გათხარეს, თუმცა მიღებული წყალი სასმელად უვარგისი გამოდგა. 

“იმ ადგილზე სადაც ჭაბურღილს აკეთებდნენ, გათხრის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ წყალი სასმელად იყო უვარგისი. გათხრილი ჭაბურღილი ისევ მიწით ამოავსეს. ეხლა გააკეთეს ავზი, თუმცა იქ წყალი საიდან უნდა ჩავიდეს, ჯერ არ ვიცით”, – გვითხრა ნინომ. 

მისი თქმით, დარჩენილი ოჯახების ნაწილიც სოფლის დატოვებაზე ფიქრობს, რადგან უწყოობის გამო, ოჯახები ვერ მიწების დამუშავებას და ვერც მეურნეობის განვითარებას ვერ ახერხებენ. 

როდის მოგვარდება აფნისში წყლის პრობლემა, – ამის თქმა არც ხელისუფლებას შეუძლია. როგორც მერის წარმომადგენელმა გიორგი იმერლიშვილმა გვითხრა, ამ ეტაპზე წყალს სოფელში ეძებენ. 

“წყალი ფიზიკურად არ არის, ვცდილობთ, რომ ეს პრობლემა მოვაგვაროთ. გავაკეთეთ ჭაბურღილი და სასმელად უვარგისი წყალი ამოვიდა. ეხლა ტყეში ვეძებთ წყალს, რომ ის შემოვიყვანოთ, ვწვალობთ და ამას უნდა ხედავდეთ”, – გვითხრა გიორგი იმერლიშვილი.

წყლის მოძებნამდე, სოფელში უკვე მოეწყო ავზი, ონკანები და დამონტაჟდა მილებიც. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი