სტატიები

ტურისტი უფრო მნიშვნელოვანია თუ ტყე?  – მსჯელობა ხაშურის საკრებულოში

ტურისტი უფრო მნიშვნელოვანია თუ ტყე – ამ კითხვამდე მივიდა მსჯელობა ხაშურის საკრებულოში, ქვიშხეთის ტყესთან მდებარე ხერგილის მოხსნაზე საუბრისას. 

ხერგილის მოხსნის საჭიროებაზე “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა ისაუბრა. როგორც მუხრან ჩადუნელმა განაცხადა, ტურისტულ ზონაში მსგავსი ხერგილების არსებობა სტუმრებს დისკომფორტს უქმნის. 

“ტურისტული ზონაა და დიდი უხერხულობა იქმნება. დილის 7 საათზე მისული ტურისტი რატომ უნდა უცდიდეს მეტყევეს, რომ ეს ხერგილი გააღოს და ტურისტმა ტერიტორიაზე შესვლა შეძლოს?! არანაირი მიზეზი არ არსებობს, რომ ამ ადგილზე ხერგილი იყო, მითუმეტეს დღე მოსახლეობა თვითონ აკონტროლებს, რომ ტყის გაჩეხვა არ მოხდეს”, – თქვა მუხრან ჩადუნელმა.

სესიას შიდა ქართლის სატყეო სააგენტოს უფროსი ესწრებოდა, რომელმაც ჩადუნელის პასუხად აღნიშნა:

“ჩვენ რომ ის ხერგილი მანდედან ავიღოთ, დამიჯერეთ, 6 თვეში ტყეში ხე აღარ დარჩება”. 

კახა გაზდელიანმა ისიც დაამატა, რომ ხაშურში ხე-ტყის უკანონო ჭრა ყველაზე ხშირია

“4 რეგიონში მაქვს ნამუშევარი და ყველაზე რთულად დასაცავი არის ხაშური. ხაშურს ისეთი მდებარეობა აქვს ტერიტორიულად, ყველა მხრიდან არის შესაძლებელი იქ მისვლა, რის გამოც მისი დაცვა ხე ტყის უკანონო ჭრისგან გვიჭირს, მითუმეტეს, რომ პატარა მანქანებით ხდება შეშის გამოტანა”, – განაცხადა გაზდელიანი. 

სატყეო სააგენტოს უფროსის ამ განცხადების შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარემ თქვა, რომ ხერგილის მოხსნაზე მსჯელობისას, არჩევანი ტურისტის კომფორტულ გადაადგილებასა და ტყის დაცვას შორის დგას. 

ამ ეტაპზე, ამ საკითხზე მსჯელობა ამით ამოიწურა, თუმცა ორივე მხარეს იმედი აქვთ, რომ ხერგილის მოხსნა-არმოხსნის საკითხი მათი არგუმენტების შესაბამისად გადაწყდება. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი