ახალი ამბები

ხაშურის მერია საშტატო ცვლილებას და სახელფასო ფონდის გაზრდას გეგმავს 

ხაშურის მერია საშტატო ცვლილებას გეგმავს. საკითხი საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე განიხილა და მერიას ცვლილების განხორციელების უფლება მისცა. 

მიღებული გადაწყვეტილებით, ხაშურის მერია მესამე რანგის პირველი კატეგორიის სპეციალისტის შტატს ამატებს და 25 თანამშრომლის შესარჩევად შიდა კონკურსის გამოცხადებას აპირებს. 

“დაამატეს მესამე რანგის პირველი კატეგორიის საჯარო მოხელის შტატები, რომელზეც რამოდენიმე დღის შემდეგ გამოაცხადებენ შიდა კონკურსს ანუ ყველა საჯარო მოხელეს შეეძლება განაცხადის შეტანა”, – გვითხრეს ხაშურის საკრებულოში. 

ცვლილების შემდეგ, ხაშურის მერიაში მესამე რანგის მეორე კატეგორიის სპეციალისტების შტატები გაუმდება და სამსახურის შენარჩუნებას მხოლოდ ის საჯარო მოხელეები მოახერხებენ, ვინც კონკურსის გავლის შემდეგ, რანგის ამაღლებას შეძლებენ. 

“დასაქმებულთა რაოდენობა არ გაიზრდება, მხოლოდ რანგი მოემატება 25 თანამშრომელს, შესაბამისად ხელფასიც. პროექტის მიღების მიზანი კი, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურულ ერთეულების საქმიანობის ეფექტურობის ამაღლება, თანამშრომელთა პასუხისმგებლობისა და კვალიფიკაციის ზრდა”, – ამბობენ ხაშურის მერიაში. 

მესამე რანგის პირველი კატეგორიის სპეციალისტის ხელფასად ხაშურის მერიამ 1 461 ლარი განსაზღვრა. 

ცვლილების შედეგად, ხაშურის მერიის სახელფასო ფონდი 3 250 ლარით გაიზრდება.

დატოვეთ კომენტარი