ახალი ამბები

სააგენტო გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებისთვის 700 000 ლარის საკვებ პროდუქტს შეიძენს  

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ მუნიციპალიტეტში არსებული საბავშვო ბაღებისთვის, საკვები პროდუქტების შესაძენად ტენდერები გამოაცხადა.

სააგენტო ეძებს კომპანიებს, რომლებიც სააღმზრდელო დაწესებულებებს წლის ბოლომდე მოამარაგებს ხორცით, რძის პროდუქტებით, ხილითა და ბოსტნეულით.

სააგენტოს ამ მიმართულებით 760 595 ლარი აქვს გათვალისწინებული. 

  • ბურღულეული, ხილი, ბოსტნეული – 169 245 ლარი;
  • საქონლის ხორცი, თევზი, ქათმის ხორცი – 244 800 ლარი;
  • რძის პროდუქტები – 346 550 ლარი. 

სააგენტოს ამ დრომდე, ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტებისთვის ხელშეკრულებები გაფორმებული ჰქონდა სხვადასხვა კომპანიებთან. რძის პროდუქტს აწვდიდა შპს “ამალთეა” და შპს “ენ პროდუქტი”. შპს “ამალთეას” ხელშეკრულება ცოტა ხნის წინ შეუწყვიტა, რადგან მის მიერ მიწოდებულ პროდუქტში კოლიფორული ბაქტერია აღმოჩნდა. 

ჯერჯერობით უცნობია, რომელ კომპანიებთან გადაწყვეტს სააგენტო თანამშრომლობას, რადგან გამოცხადებულ ტენდერებში წინადადებების მიღება ჯერ არ დაწყებულა. 

აღსანიშნავია, რომ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო რძის პროდუქტებს 2018 – 2021 წლებში ერთიდაიგივე მიმწოდებლისგან, ინდ.მეწარმე ირმა კიტრიაშვილისგან ყიდულობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც სააგენტოს ხელმძღვანელი შეიცვალა, რძის პროდუქტების მიმწოდებელი კომპანიაც შეიცვალა. 

დატოვეთ კომენტარი