ახალი ამბები

როგორ მოიხმარენ სამსახურის მანქანებს გორელი მაღალჩინოსნები? – ფაქტები პროკურატურას გადაეგზავნა 

“მოზაიკამ” გორელი საჯარო მოხელეების მიერ სამსახურეობრივი მანქანების პირადი მიზნებით გამოყენების ფაქტებზე პროკურატურას აცნობა.  ორგანიზაცია ითხოვს, საბიუჯეტო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ავტომობილების გამოყენებისა თუ მათზე გაწეული ხარჯების შესწავლას.

“არასამუშაო დღეებში, სამსახურეობრივ მანქანებს, პარკინზე არც ა(ა)იპ-ის თანამშრომლები ტოვებენ. მერიის იერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების ძირითადი ნაწილი, ამჟამად, ქალაქის ცენტრში მდებარე ადმინისტრაციული შენობის წინ და უკან მოწყობილი საპარკინგე სივრცით სარგებლობს, თუმცა ა(ა)იპ-ის დირექტორებისთვის გადაცემული მანქანები, ამ ტერიტორიის ნაცვლად, შაბათ დღეს, “მოზაიკამ” მათ სახლებთან და ქალაქის სხვადასხვა ადგილებში დააფიქსირა”, – ვკითხულობთ პროკურატურაში გაგზავნილ განცხადებაში. 

იურისტებთან გავლილი კონსულტაციების საფუძველზე, “მოზაიკა” ფიქრობს, რომ მის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებებით, რამდენიმე შესაძლო დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა:

ამავე თემაზე: სამსახურის მანქანები გორელი მაღალჩინოსნების განკარგულებაში – მილიონიანი ხარჯი მათი კომფორტისთვის

  • მითვისება ან გაფლანგვა (მუხლი 182), რაც გულისხმობს სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება ან გაფლანგვა, თუ ეს ნივთი ან ქონებრივი უფლება მიმთვისებლის ან გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში იმყოფებოდა. მოცემულ შემთხვევაში შესაძლოა იკვეთებოდეს ასევე ამ მუხლის სხვა ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულებიც, კერძოდ, იგივი ქმედება ჩადენილი არაერთგზის ან/და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. ავტომობილები თანამდებობის პირებსა და სხვა საჯარო მოხელეებს გადაეცემათ მხოლოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად. ამ ავტომობილებით პირადი და საოჯახო საქმეების კეთება უნდა დაკვალიფიცირდეს, როგორც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ან საბიუჯეტო სახსრების მითვისება/ფლანგვა.
  • სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება (მუხლი 332), რაც გულისხმობს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. იმ პირობებში, როდესაც საჯარო მოხელეები, თითქოს საკუთარი უფლებამოსილებების განსახორციელებლად და სინამდვილეში პირადი საქმეების მოსაგვარებლად იყენებენ საბიუჯეტო დაწესებულების ბალანსზე რიცხულ ავტომობილსა და ამავე დაწესებულების ხარჯით შეძენილ საწვავს, სახეზე შეიძლება იყოს ასევე უფლეამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინეტერესის საწინააღმდეგოდ და თავისთვის რაიმე გამორჩენის (ამ შემთხვევაში გადაადგილების ხარჯის) მიღების მიზანი.

“ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, შეისწავლოთ გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში, აგრეთვე გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებში ავტომობილებით სარგებლობისა და მათზე გაწეული ხარჯების (მათ შორის საწვავის) მართლზომიერება და დაადგინოთ ჰქონდა თუ არა ადგილი სისხლის სამართლის კოდექსის ზემოთ მითითებული დანაშაულის ჩადენას კონკრეტული პირების (მათ შორის თანამდენბობის პირების) მხრიდან. მზად ვართ გამოძიებისათვის საჭირო ინფორმაციის მოწოდებისათვის”, – ნათქვამია პროკურატურაში წარდგენილ განცხადებაში, რომლის ასლი “მოზაიკამ” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოშიც წარადგინა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.