ახალი ამბები

“პოლიციელმა იარაღი დაუმიზნა” – დაკავებულების პოზიცია მეტეხში მოხმდარ კონფლიქტზე

პოლიციელი, რომელმაც ახალგაზრდებთან კონფლიქტის დროს ცეცხლი გახსნა, ლაშა ტუხაშვილია. ის თბილისის ერთ-ერთ სამმართველოში, უფროსის მოდგილის თანამდებობაზე მუშაობს.

ტუხაშვილს მასზე ძალადობაში ბრალდებული 3 მამაკაცის ადვოკატი მძიმე ბრალდებებს უყუენებს – როგორც ის ამბობს, პოლიციის მაღალჩინოსანი დაკავებულებს, შურისძიების მიზნით, მამასთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდა.

“სამი ადამიანია დაკავებული. ამ სამიდან რეალურად კონფლიქტში მონაწილეა ერთი, რომლის მიმართაც მეორე მხრიდან მყოფმა პოლიციელმა და მისმა მამამ დაიწყეს ეს კონფლიქტი. შემდეგ ამ პოლიციელმა ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი, მოიყვანა საბრძოლო მდგომარეობაში, დაუმიზნა და რომ არა ადამიანები, რომლებმაც ხელში ხელი მოკიდეს და ააქნევინეს, ეს ტყვია ვის მოხვდებოდა, კაცმა არ იცის. ამას წინ მცირე ავტოავარია უძღოდა”, – ამბობს ადვოკატი. 

მისივე თქმით, ბრალდებულებმა უთხრეს, რომ მათზე ფიზიკური ზემოქმედება პოლიციის განყოფილებაშიც მოხდა. 

“რასაც ბრალდებულები ამბობენ, მათზე პოლიციაში განხორციელდა ფიზიკური ზემოქმედება. ეს განხორციელდა იმავე პოლიციელის და მისი მამის მხრიდან პოლიციის შენობაში. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება ამ ფაქტზე”, – ამბობს ადვოკატი.

დაკავებულების აღკვეთ ღონისძიებაზე გორის სასამართლო ხვალ იმსჯელებს, მათ ძალადობასთან ერთად, იარაღის უკანონო დაუფლებასაც ედავებიან და 13 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

შეგახსენებთ, რომ შსს-ის თანამშრომელსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში მოხდა. კონფლიქტი სამართალდამცველსა და მეტეხელებს შორის ავტოსაგზაო შემთხვევას მოჰყვა.

დატოვეთ კომენტარი