სტატიები

ვეცდებით, გორის გენ.გეგმის დამტკიცება პრიორიტეტად განვსაზღვროთ – მერია

გორს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ამ დრომდე არ გააჩნია. როგორც “Მოზაიკამ” გაარკვია, გეგმაზე მუშაობა 2017 წლიდან დაიწყო და 2019 წელს დასრულდა. Მისი შედგენისთვის, გორის მერიამ კომპანია „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ 383 500 ლარიც გადაუხადა, თუმცა პროცესი შეჩერდა და დოკუმენტი, რომელმაც ქალაქის იერ-სახე და მოქალაქეთა უფლებები უნდა დაიცვას, გორის მერიას ამ დრომდე არ დაუმტკიცებია. 

“მიმდინარეობს მუშაობა ამ საკითხთან დაკავშირებით”, – ასეთია მერიის პასუხი განაშენიანების გენერალური გეგმის დამტკიცების ვადებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე. 

მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საჭიროება იმ ჟურნალისტური გამოძიებიდანაც გამოიკვეთა, რომელიც “მოზაიკამ” მოამზადა და სადაც ნათქვამი იყო, რომ ბოლო სამ წელში, გორის მერიამ 5 000-მდე სამშენებლო ნებართვა გასცა და რომ გორში მიმდინარე მშენებლობები შესაძლოა საფრთხე მხოლოდ ქალაქის იერ-სახისთვის კი არა, მოქალაქეებისთვისაც იყო. 

ამავე თემაზე: ბეტონის ჯუნგლებად ქცევის საფრთხეა – როგორ გასცემენ მშენებლობის ნებართვებს გორში?

ამავე თემაზე: გენ.გეგმის დამტკიცებამდე, გორის მერიას კორპუსების მშენებლობების შეჩერებას სთხოვენ

ამის თავიდან ასაცილებლად, ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც სამოქალაქო სექტორს მერიის მისამართით ჰქონდა, მრავალსართულიანი კორპუსების სამშენებლო ნებართვებზე მორატორიუმის გამოცხადებას გულისხმობდა. აღნიშნული რეკომენდაცია გორის მერს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომაც წარუდგინა, რაზეც გორის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსისგან ასეთი პასუხი მიიღო:

„მორატორიუმის საკითხს კიდევ გადავხედავთ და გაცნობებთ“.

გორის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ იმის გარკვევაც სცადა, თუ რა უშლის ხელს განაშენიანების გენერალური გეგმის დამტკიცებას. 

რა არის ის შემაფერხებელი ფაქტორები, რის გამოც ვერ ხერხდება გენგეგმის დამტკიცებამდე მისვლა?”, – ჰკითხა გორის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრმა, თამარ კაპანაძემ მერიის წარმომადგენელს, რომელმაც თქვა, რომ, – “ეს არის რთული პროცედურა და დრო სჭირდება“. 

შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ, გორის მერია ამბობდა, რომ გეგმის დამტკიცებისთვის გარემოსდაცვითი სტრატეგიული ანგარიში სჭირდებოდათ და ამ დოკუმენტის მოსამზადებლად მუშაობდნენ.

გეგმის საბოლოო დამტკიცებისთვის საჭიროა გარემოსდაცვითი სტრატეგიული ანგარიში, რომელიც უნდა დაერთოს დოკუმენტს. ეს არის პროექტი, რომელიც უნდა შექმნან ექსპერტთა ჯგუფმა, რომლის მცირე რესურსიც არსებობდა საქართველოს ბაზარზე. ამ ეტაპისთვის ბაზრის კვლევა ჩატარდა და ცნობილია, თუ ვინ შეასრულებს დამატებით სამუშაოებს. ამ ეტაპზე პროცესი შეჩერებულია და განახლდება ახალი წლის დასაწყისში“, – აღნიშნა მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელმა, გუჯა გეგელაშვილმა 2022 წელს. 

დოკუმენტი, რომლის არარსებობასაც გორის მერია გენერალური გეგმის დამტკიცებისთვის ხელისშემშლელ ფაქტორად ასახელებდა, მომზადებული ამ დრომდე არ არის. გარდა ამისა, უცნობია, რამდენად აქვს გორის მერიას მისი მომზადებისთვის საჭირო თანხები ბიუჯეტში გათვალისწინებული, თუმცა, როგორც მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ამბობს, ხელისუფლება მაქსიმალურად ეცდება, რომ ეს საკითხი პრიორიტეტად განსაზღვროს. 

“სამუშაოების შესყიდვას ესაჭიროება სამუშაოების ჩამონათვალი , ე.წ ტექნიკური დავალება, რაზეც მიმდინარეობს მუშაობა.მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ეცდება მერია ეს საკითხი პრიორიტეტულად განსაზღვროს”, – აცხადებს გორის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი. 

სამოქალაქო სექტორი ფიქრობს, რომ გორის მერიამ გენერალური გეგმის დამტკიცების პროცესი უნდა დააჩქაროს, რათა დოკუმენტის ის ნაწილი, რისთვისაც 383 500 ლარი დაიხარჯა, უსარგებლო არ გახდეს და მუნიციპალიტეტს სამუშაოების განმეორებით შესყიდვა არ დასჭირდეს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.