სტატიები

გასხვისება დემონტაჟის ნაცვლად – მერიამ კეხიჯვრის კულტურის სახლზე პასუხისმგებლობა მოიხსნა 

ქარელის მერიამ კეხიჯვრის კულტურის სახლი იჯარით გაასხვისა. გასხვისებამდე უწყება შენობის ავარიულობასა და დემონტაჟის საჭიროებაზე საუბრობდა, თუმცა ახლა ამბობს, რომ გასხვისების შემდეგ, მის მდგრადობაზე პასუხისმგებელი აღარ არის. 

________________

კეხიჯვრის კულტურის სახლი 5-წლიანი იჯარით ვლადიმერ ლომიტაშვილს გადაეცა.

შენობის გასხვისებამდე, საკრებულოს დღის წესრიგში ოპოზიციონერმა დეპუტატმა მისი რეაბილიტაციის საკითხი დააყენა, თუმცა პარტიის “საქართველოსთვის” წევრს მაშინ ინიციატივის მხარდაჭერაზე უარი უთხრეს.

“2 თვის წინ, როდესაც მე კეხიჯვრის კულტურის სახლის აღდგენა მოვითხოვე, მერმა პასუხად მითხრა, რომ შენობა ავარიული იყო და დემონტაჟს ექვემდებარებოდა. მაშინ დღეს როგორ მოხდა, რომ მას იჯარით ასხვისებთ, ავარიული აღარ არის?”, – კითხა ვასიკო ბაქრაძემ “ქართული ოცნების” იმ დეპუტატებს, რომლებაც შენობის გასხვისებას მხარი დაუჭირეს. 

ოპოზიციონერმა დეპუტატმა კითხვით საკრებულოს სხდომაზე მყოფ ქარელის მერსაც მიმართა. 

“ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ შენობა არ ჩამოინგრევა?”

ვასიკო ბაქრაძის კითხვის პასუხად, ქარელის მერმა თქვა, რომ შენობის მდგრადობაზე პასუხისმგებლობა ახლა უკვე მოიჯარეს ეკისრება. 

“მე შენობა გავაქირავე, შესაბამისად, მე პასუხისმგებელი აღარ ვარ. ვინც იქირავა შენობა, პასუხისმგებლობა მას დაეკისრება. კენჭი ჩამოვარდება, თუ ვინმე ფეხს რამეს წამოკრავს და დაზიანდება, მე მათზე პასუხს ვერ ვაგებ, შენობა მაგ პირობით არ გაგვიქირავებია ჩვენ”, – აღნიშნა ზაზა გულიაშვილმა.

მოიჯარესთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, შენობაში სასაწყობე მეურნეობა უნდა მოეწყოს. 

“პიროვნება, რომელსაც იჯარით გადავეცით აღნიშნულ შენობა, სასაწყობე მეურნეობის მოწყობას გეგმავსყოველწლიურად კი მერიას 3 000 ლარს გადაუხდის”, – ამბობს მერიის ეკონომიკური სამსახურის განყოფილების სპეციალისტი სოსო გოდელაძე. 

ხელშეკრულების ვადა 5 წელია. შესაბამისად, მოიჯარემ ქარელის ბიუჯეტში 15 000 ლარი უნდა გადარიცხოს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი