ახალი ამბები

უსახური შენობების საკითხი შიდა ქართლში კვლავ მოუგვარებელია 

უსახური შენობების საკითხი შიდა ქართლში კვლავ მოუგვარებელია. როგორც გუბერნატორის და მერების შეხვედრების შესახებ გავრცელებული განცხადებიდან ვიგებთ, ამ თემაზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბოლო შეხვედრაზეც იმსჯელეს. 

“საუბარი შეეხო უსახური შენობების დემონტაჟის საკითხს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს”, – ნათქვამია სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის განცხადებაში. 

უსახური შენობები წლებია განხილვის თემაა. ეს საკითხი პარლამენტის სხდომაზე გორი-კასპის ყოფილმა მაჟორიტარმაც დააყენა. ჯერ კიდევ 2021 წელს, გიორგი ხოჯევანიშვილი ამბობდა, რომ მდგომარეობით მოსახლეობა შეწუხებული იყო. 

“ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც ჩვენს მოსახლოებას აწუხებს არის სახელმწიფო ქონება, რომლიც რიგ რეგიონებშია გაფანტული, მათ არ აქვთ არანაირი დატვირთვა”, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

მას ინიციატივა ჰქონდა, რომ რეგიონებში უსახურ და მიტოვებულ შენობებს დატვირთვა მისცემოდა. მისი ამ გამოსვლის შემდეგ, შიდა ქართლში სიტუაცია არ შეცვლილა. გეგმა, როგორ აპირებს ხელისუფლება ამ პრობლემის მოგვარებას, ცნობილი ამ დრომდე არაა. 

აღსანიშნავია ისიც, რომ 2018 წელს, ხელისუფლებამ ამ პრობლემის მოგვარება, უსახურ შენობებზე ბადეების ჩამოფარებით სცადა და ამისთვის ბიუჯეტიდან ათასობით ლარი დახარჯა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.