სტატიები

რომელ მუნიციპალიტეტში ჰყავს ყველაზე მდიდარი თავმჯდომარე “ქართული ოცნების” ფრაქციას?

რა ქონებას ფლობენ “ქართული ოცნების” ფრაქციების თავმჯდომარეები შიდა ქართლში? – “მოზაიკამ” ოთხივე მუნიციპალიტეტის საკრებულოებში, მმართველი გუნდის ფრაქციების თავმჯდომარეების ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა. 

კობა ბერიანიძე – ფრაქციის “ქართული ოცნება” თავმჯდომარე გორის საკრებულოში 

დეკლარაციების მიხედვით, ყველაზე შეძლებული ფრაქციის თავმჯდომარე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჰყავს. კობა ბერიანიძემ ბოლო ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის მარტში შეავსო. 

ბერიანიძეს დეკლარაციაში ასახული აქვს სხვადასხვა წლებში შეძენილი მიწის ნაკვეთები და უძრავი ქონება. საერთო ჯამში, მის სახელზე 11 მიწის ნაკვეთი, 2 ბინა და 1 დამხმარე სათავსო ფიქსირდება. 

მიწის ნაკვეთებიდან ორ მათგანში ბერიანიძეს 380 000 დოლარი აქვს გადახდილი, ხოლო დანარჩენ ნაკვეთებში 88 500 ლარი. 

რაც შეეხება შემოსავლებს, ერთ წელში მან ხელფასის სახით 23 348 ლარი მიიღო. შემოსავლების გრაფაში ასახული აქვს ასევე სოფლის მეურნებიდან მიღებული თანხაც, რომელმაც გასულ წელს 380 000 ლარი შეადგნა, გასავლის გრაფაში კი დაფიქსირებულია სოფლის მეურნეობაში დახარჯული თანხა, 150 000 ლარის ოდენობით. 

ყარამან როინიშვილი – ფრაქციის “ქართული ოცნება”  თავმჯდომარე ქარელის საკრებულოში 

როინიშვილმა ბოლო დეკლარაცია მიმდინარე თვის თებერვალში შეავსო. მისმა შემოსავალმა ერთ წელში ხელფასის სახით 21 225 ლარი შეადგინა, ხოლო მისი მეუღლის, რომელიც ქარელის მერიის ერთ-ერთ ა(ა)იპ-შია დასაქმებული, 4958 ლარი.

მის სახელზე არც ერთი უძრავი ქონება არ ფიქსირდება. დეკლარაციის მიხედვით, მას არც სახლი აქვს და არც მანქანა ჰყავს. 

ამავე თემაზე: დეკლარაციის მიხედვით, ყარამან (კახა) როინაშვილს არც სახლი აქვს და არც მანქანა 

მერაბ ცხოვრებაძე – ფრაქციის “ქართული ოცნება” თავმჯდომარე ხაშურის საკრებულოში

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც გასულ წელსაა შევსებული, მერაბ ცხოვრებაძის სახელზე მხოლოდ ავტომობილი ფიქსირდება, რომელიც 2012 წელს შეიძინა და 10 000 დოლარი გადაიხადა. შემოსავლების გრაფაში მითითებული აქვს ერთ წელში ხელფასის სახით მიღებული თანხა, რომელმაც 13 752  ლარი შეადგინა. 

რაც შეეხება სახლსა და მიწის ნაკვეთებს, ისინი ცოლისა და შვილის სახელზეა რეგისტრირებული.

მისი შვილი, ნურკი ცხოვრებაძე ფლობს საცხოვრებელ სახლს ხაშურში, რომლის შეძენის ფორმად ჩუქებაა მითითებული. მეორე შვილის, მარიამ ცხოვრებაძის სახელზე კი ერთი ავტობილი MERSEDES BENTS ფიქსირდება, რომელსაც შეძენის ფორმად ჩუქება აქვს მითითებული. 

მეუღლის, ირმა ცაბაძის სახელზეა კიდევ ერთი ბინა ხაშურში, რომლის შეძენის ფორმად აქაც ჩუქებაა მითითებული. ცოლის სახელზეა ბინა თბილისშიც, რომელიც 2015 წელსაა შეძენილი 53 000 დოლარად.

ზურიკო ჩადუნელი – ფრაქციის “ქართული ოცნება” თავმჯდომარე კასპის საკრებულოში 

ზურიკო ჩადუნელმა ბოლო ქონებრივი დეკლარაცია გასული წლის აგვისტოში შეავსო. ქონების გრაფაში მის სახელზე მხოლოდ ერთი ბინა და მიწის ნაკვეთია რეგისტრირებული, რომელიც სოფელ იგოეთში 2011 წელს 600 ლარად შეიძინა.

რაც შეეხება ბინას, ის 2012 წელს თბილისში, 46000 დოლარად შეიძინა.  ჩადუნელი კიდევ ერთი სახლისა და მიწის ნაკვეთის თანამფლობელია სოფელ იგოეთში.  

მისმა შემოსავალმა ერთ წელში  ხელფასის სახით144 00 ლარი შეადგინა, რომელიც ფრაქციის თავმჯომარეობიდან მიიღო. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.