ახალი ამბები

“კოტეჯები” – რას ვნახავთ გამოფენაზე, რომელიც “ხელოვნების სახლში” 7 მაისს გაიხსნება

რას ნიშნავს და როგორ გრძელდება ცხოვრება უცხო ადგილზე, მშობლიური სახლის დაკარგვისა და ომის ტრაგედიის გამოვლის შემდეგ? როგორ ახდენს ადამიანი საკუთარი საცხოვრებელი გარემოს ფორმირებას? და პირიქით, რა გავლენას ახდენს საცხოვრებელი გარემო ადამიანზე? – ამ კითხვებზე პასუხების შეგროვება ფოტოგრაფმა ნიკა სომხიშვილმა დევნილთა კომპაქტური დასახლებების ვიზუალური კვლევით სცადა. 

კვლევისას გაკეთებულ აღმოჩენებს კი მაყურებელი 7 მაისს, 18:00 საათზე ხელოვნების სახლში იხილავს –  “ქოლგა თბილისი ფოტო 2023” გორელ ფოტოგრაფთა კლუბის  გამოფენით “კოტეჯები” გაიხსნება. 

“საქართველოს მთავრობამ დევნილთა დროებით განსათავსებლად ცამეტ სხვადასხვა ადგილზე – ძირითადად ტრიალ და ხრიოკ მინდვრებში, ოთხი ათასამდე კოტეჯი ააშენა, სადაც ათასობით ადამიანს, სახლში დაბრუნების მოლოდინში, ახალი ცხოვრების დაწყება მოუწია. წლების მანძილზე ამ 67 კვადრატული მეტრის ზომის ვიზუალურად იდენტურმა კოტეჯებმა, საკუთარი მაცხოვრებლების წყალობით, იერ-სახე შეიცვალეს და დღეს თითოეული მათგანი განსხვავებულ ამბავს გვიყვება თავის მეპატრონეებზე – მათ წარსულსა და აწმყოზე”, – ამბობენ ღონისძიების ორგანიზატორები. 

გამოფენა 18:00 საათზე გაიხსნება. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.