ახალი ამბები

​ხაშურის მერია ავარიული ხიდის ჩახერგვას ბორდიურით და განცხადებით ცდილობს 

ხაშურის მერია, სოფელ ხალებთან დამაკავშირებელი ხიდის ჩახერგვას ბეტონის ბორდიურით და განცხადებით ცდილობს. 

უწყების თქმით, ხიდი ავარიულია და მისი გამოყენა კატეგორიულად აკრძალულია. 

“როგორც არაერთხელ გაცნობეთ, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე მდინარე მტკვარზე, სოფელ ხალებთან დამაკავშირებელი ხიდი ავარიული მდგომარეობაშია და მისი ექსპლუატაცია კატეგორიულად აკრძალულია”, – წერს ხაშურის მერია. 

ამ საკითხზე უწყებამ განცხადება ბოლო ორ კვირაში რამდენჯერმე გაავრცელა. მერიის თქმით, ამჯერად, მოქალაქეთა შესაკავებლად ადგილზე გამაფრთხილებელი განცხადებაც გამოიკრა.

“მუნიციპალიტეტმა, ხიდთან გამოაკრა გამაფრთხილებელი განცხადება და მეტი უსაფრთხოებისთვის მისასვლელი გზა ბეტონის ბორდიურით ჩახერგა. მუნიციპალიტეტის მერია უმორჩილესად გთხოვთ, გადაადგილებისთვის ისარგებლოთ თაგვეთისა და ხცისის მხრიდან შემოვლითი ალტერნატიული გზებით”.

მერიის ცნობით, გაფრთხილების მიუხედავად, მოქალაქეები ხიდით მაინც სარგებლობენ. 

“მიუხედავად არაერთგზის გაფრთხილებისა, გვაცნობეს, რომ ხიდზე მაინც ხდება თვითნებური გადაადგილება, რაც საფრთხის შემცველია. ამასთან, როგორც გაზაფხულის სეზონს ახასიათებს, მდინარე მტკვარში წყლის დონე საკმაოდ არის მომატებული, რაც დამატებით საფრთხეს წარმოადგენს.”

დატოვეთ კომენტარი
ტეგები