ახალი ამბები

მორიგი უკანონო ქმედება ოკუპანტებისგან – რა სამუშაოებს აწარმოებენ დვანში 

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანში, დღეს, 14 აპრილს მთელი დღის განმავლობაში რუსი ოკუპანტები მუშაობდნენ. სამხედროები ერთ-ერთ უბანზე წინასწარ საინჟინრო სამუშაოებს ახორციელებენ.

ანტისაოკუპაციო მოძრაობამ ადგილზე არსებული ვითარების ამსახველი ვიდეომასალა გადაიღო. დავით ქაცარავას ინფორმაციით, ოკუპანტებმა დღეს სათვალთვალო კამერა დაამონტაჟეს და ამზადებდნენ რადიოლოკაციური მანქანის სპეცსადგომს. მისივე განცხადებით, სამუშაოები დამთავრებული არ არის. 

როგორც სუსის პრესსამსახურში ამბობენ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა უკანონო ინსტალაცია აღმართეს.

“აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, ინფორმირებული არიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებიც. საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებული უკანონო აქტივობები, მათ შორის, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფარგლებში აღმართული ინსტალაციები ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას და აზიანებს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს”, – აცხადებენ სუს-ში. 

დატოვეთ კომენტარი