ახალი ამბები

ხაშურში წყლის პროექტის განხორციელება მხოლოდ დროის საკითხია – ხაშურის მერია

„ქალაქ ხაშურის წყალმომარაგებისა და წყალარინების” პროექტის განხორციელება მხოლოდ დროის საკითხია, – ვკითხულობთ მერიის განცხადებაში, რომელიც უწყებამ მოქალაქეთა უკმაყოფილების საპასუხოდ გამოაცხადა. 

როგორც მერია სოციალურ ქსელში წერს, პროექტის განხორციელება რეალურად უკვე დაწყებულია და მალე სამშენებლო სამუშაოები თვალსაჩინო გახდება.

“გვსურს განვაცხადოთ, რომ სავსებით გვესმის იმ მოქალაქეთა გულისტკივილი, ვინც აქცენტს მოუწესრიგებელ საგზაო ინფრასტრუქტურასა თუ გაუმართავ წყალმომარაგებაზე აკეთებს, ამიტომ, თავს ვალდებულად მივიჩნევთ, კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ უკვე დაიწყო „ქალაქ ხაშურის წყალმომარაგებისა და წყალარინების” პროექტი”, – ვკითხულობთ ტექსტში. 

მერიის ცნობით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია გადის შესაბამის პროცედურებს სანებართვო დოკუმენტაციის წარმოსადგენად.

“წყალმომარაგების და წყალარინების სისტემების მოწესრიგებაზე პასუხისმგებელ კონტრაქტორ კომპანიას უკვე დაწყებული აქვს ინფრასტრუქტურული და ლოგისტიკური საკითხების მოწესრიგება, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა უშუალოდ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შეუფერხებელი შესრულებისთვის”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ „ქალაქ ხაშურის წყალმომარაგებისა და წყალარინების” პროექტი  ხორციელდება საფრანგეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (AFD) ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა და საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კონტრაქტორ თურქულ კომპანიას „JV of YDA Insaat Sanayi Ve Ticaret Anonim Sirketi & Ardem Yapi Gayrimenkul Insaat Taahut Akar. Mad. Tic. A.S“ შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

“დამტკიცებულია ქალაქ ხაშურის წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტის მომზადების მიზნით (წყალმომარაგება – მიწისქვეშა საერთო სიგრძე 230 545.79 გრძივი მეტრი და წყალარინება – საერთო სიგრძე 44 397.57 გრძივი მეტრი) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. აქვე აღვნიშნავთ, რომ წყალარინების ნაწილში პროექტი დამატებით 25 კილომეტრსაც მოიცავს”, – წერს ხაშურის მერია. 

უწყება მოქალაქეებს პირდება, რომ პროექტის მიმდინარეობის პარალელურად, ხაშურში ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც დაიწყება. 

“პროექტის მიმდინარეობის პარალელურად, ქალაქ ხაშურში დაიწყება საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის სამუშაოები, რაც გულისხმობს იმას, მუნიციპალიტეტი არ დაელოდება წყალმომარაგების მასშტაბური და გრძელვადიანი პროექტის დასრულებას და ქუჩა, სადაც წყალმომარაგებისა და წყალარინების სამუშაოები დასრულდება, დაექვემდებარება რეაბილიტაციას”. 

შეგახსენებთ, რომ სასმელი წყლის პრობლემა და მოუწესრიგებელი ქუჩები წლებია ხაშურში გადაუჭრელ პრობლემად რჩება. ჯერ კიდევ 2021 წელს ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებს ჰპირდებოდა, რომ ქალაქს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნებოდა, თუმცა დაპირებული მასშტაბური პროექტის განხორციელება დაგეგმილ დროში არც დაწყებულა და არც დამთავრებულა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.