ახალი ამბები

ენმ-ის თქმით, “ოცნების” წევრები ემიგრაციაში ყოფნის დროს, ბიუჯეტიდან ხელფასსაც იღებენ

გორში, ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, რომ ევროპაში სამუშაოდ წავიდნენ ის საჯარო მოხელეები და აქტივისტები, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნებზე “ქართული ოცნების” სასარგებლოდ მუშაობდნენ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბექა ქორჩილავა კონკრეტულ სახელებს და გვარებს ასახელებს და მუნიციპალიტეტის მერს მოუწოდებს, საბიუჯეტო ორგანიზაციები, მისივე სიტყვებით, “მკვდარი სულებისგან გაწმინდოს”. მისი თქმით, “ქართული ოცნების” ემიგრანტი წევრები პარალელურად ხელფასებს ბიუეჯტიდან იღებენ და ინარჩუნებენ თანდებობებს.

ბექა ქორჩილავა ახსენებს თამარ კილაძის სახელს და გვარს, რომელიც დასაქმებული არის წმინდაწყლის დასახლებაში გორის მერის წარმომადგენლობით ორგანოში.

“ეს ადამიანები არიან “ქართული ოცნების” პარტიული აქტივისტები. რომლებიც გორის მერიას დასაქმებული ჰყავს სხადასხვა სიპებსა და აიპებში. ასევე, ჩვენი ინფორმაციით, ეს ადამიანები წასულები არიან ემიგრაციაში და ხალხის სიმწრით გადახდილი გადასახადებიდან ხელფასებს იღებენ ჩვენს მუნიციპალიტეტში. მაგალითად, ჩვენი ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანია ქალბატონი კილაძე”, – ამბობს ბექა ქორჩილავა. 

ოპოზიციის ბრალდების საპასუხოდ, მერის წარმომადგენელი ნონა ჩერქეზიშვილი ამბობს, რომ კილაძე ახლა უხელფასო შვებულებაშია, რადგან ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და გერმანიაში მკურნალობს.

“თამარ კილაძე ნამდვილად ჩვენი თანამშრომელია და არის წასული სამკურნალოდ გერმანიაში. ძალიან ძვირფასი ადამიანია, უხელფასო შვებულებით სარგებლობს”, – ნონა ჩერქეზიშვილი.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.