ახალი ამბები

გორის მერიამ “სამოქალაქო ბიუჯეტი” ჟურნალისტებისთვის ფარულად შეაჯამა

გორის მერიამ “სამოქალაქო ბიუჯეტის” შემაჯამებელ ღონისძიებაზე ჟურნალისტები არ დაპატიჟა. 

“მოზაიკა” შეეცადა იმის გარკვევას, თუ ვინ გადაწყვიტა გასული წლის შედეგების მედიისთვის ფარულად შეჯამება. 

საწყის ეტაპზე, ამ კითხვით გორის მერიას მივმართეთ, რომლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმაც გვითხრა, რომ ღონისძიებაზე მერიაც სტუმარი იყო. 

“ღონისძიება დაგეგმა სტრატეგიული განვითარების სააგენტომ და არ ვიცით, რატომ არ ესწრებოდნენ მას ჟურნალისტები. მერიაც მიწვეული სტუმარი იყო”, – გვითხრა გორის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელმა, ნათია ხაჩიურმა. 

ნათია ხაჩიურის ამ პასუხის შემდეგ “მოზაიკა” აღნიშნულ სააგენტოს დაუკავშირდა, რომლის ხელმძღვანელმაც გვითხრა, რომ სტუმრების დაპატიჟება მერიის პრეროგატივა იყო. 

“ამ საქმეზე პასუხისმგებლობას მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური იღებს. არ ვიცი, ვინ დაპატიჟეს. მე ჟურნალისტები არ შემიმჩნევია ღონისძიებაზე”, – გვითხრა ლაშა ხმალაძემ. 

ინფორმაციისთვის, მედიისთვის ფარულად გამართულ შეხვედრაზე, ადგილობრივმა ხელისუფლებამ 2022 წლის “სამოქალაქო ბიუჯეტის” პროგრამის შედეგები შეაჯამა. მერიის პრესსამსახური ამბობს, რომ შეხვედრის ამსახველი მასალა გადაღებული აქვს და შეუძლია, დაინტერესებულ ჟურნალისტებს გაუზიაროს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.