ახალი ამბები

2022 წელს “სამოქალაქო ბიუჯეტის” პროგრამით 37 პროექტი დაფინანსდა – გორის მერია 

2022 წელს „სამოქალაქო ბიუჯეტის“ პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის მხრიდან წარმოდგენილი იყო 94 საპროექტო ინიციატივა, მათ შორის განსახორციელებლად შეირჩა 37 პროექტი, – ვკითხულობთ გორის მერიის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში. 

უწყების ცნობით, პროგრამის შედეგები ადგილობრივი ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად შეაჯამეს. 

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეების მონაწილეობა მმართველობის პროცესებში.„სამოქალაქო ბიუჯეტი“ კი ამისთვის საუკეთესო საშუალებაა. ამ პროგრამის მთავარი არსი ისაა, რომ მოსახლეობა თავად ირჩევს განსახორციელებელ პროექტს”, – თქვა გორის მერმა. 

მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე იმ ახალგაზრდებს, რომლებიც მოქალაქეებს საინიციატივო წინადადებების შემუშავებაში ეხმარებოდნენ, სერტიფიკატები გადაეცათ. 

“გასულ წელს, მოქალაქეების ჩართულობის ზრდის მიზნით შეიქმნა ახალგაზრდული კლუბი. კლუბის წევრები ეხმარებოდნენ მოსახლეობას საინიციატივო წინადადებების მომზადებაში და შედეგიც ბევრად უკეთესი მივიღეთ”, – ვკითხულობთ მერიის განცხადებაში. 

„სამოქალაქო ბიუჯეტი“ გორის მუნიციპალიტეტში 2016 წლიდან ხორციელდება. პროგრამის წლიური ბიუჯეტი 3 მილიონამდე ლარს შეადგენს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.